შალვა პაპუაშვილი: იმის თქმა, რომ ომის საფრთხე არარეალურია იმ ქვეყანაში, რომელმაც სამი ომი გამოიარა, სადაც რუსეთი მონაწილეობდა, ან უბრალოდ მიამიტობაა ან მავნებლობა
რაც შეეხება შეიარაღებული კონფლიქტისა და ომის საფრთხეს – იმის თქმა, რომ ეს არარეალურია იმ ქვეყანაში, რომელმაც სამი ომი გამოიარა, სადაც რუსეთი მონაწილეობდა, იმ ქვეყანაში, სადაც ტერიტორიები ოკუპირებულია, სადაც 10 000-მდე რუსი ჯარისკაცი დღესაც დგას, იმ ქვეყანაში, სადაც საოკუპაციო ხაზთან ლამის ყოველ დღე არის პროვოკაციები და ჩვენ მოქალაქეების გატაცებები, იმის თქმა, რომ აქ ამის საფრთხე არ არის, ეს არის ან უბრალოდ მიამიტობა ან მავნებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ ომის საფრთხე რეალურია.
„იმის ფონზე, როდესაც რუსეთი ახლაც აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. შესაბამისად, ეს საფრთხე რეალურია. ჩვენ ვხედავდით პირდაპირ მოწოდებებს, სხვადასხვა ფორმით მოწოდებული: რუსეთს ახლა თქვენთვის არ სცალია და მიდით, სანამ დროა, შედით აფხაზეთსა და ცხინვალშიო. ასევე ქართველი პოლიტიკოსების მოწოდებები, რომ ახლა უნდა შევიარაღდეთ და გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობის ფანჯარაო. ეს ყველაფერი არის წაქეზება და იმ იდეამდე მიყვანა, რომ შეიძლება რაღაც საკითხი გადაწყვიტო სამხედრო გზით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.