დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
დევნილთა და განსახლების სამინისტრო, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროექტის პარალელურად, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით აქტიურად თანამშრომლობს თვითმმართველობის ორგანოებთან როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. სამინისტროს ცნობით, სამინისტროსა და გამგეობის თანადაფინანსებით, თბილისში, დევნილთა ჩასახლებაში ამ ეტაპზე სხვადასხვა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს: რეაბილიტაცია უტარდება 8 ობიექტის სახურავსა და 2 კორპუსის სადარბაზოს, 5 ობიექტზე იცვლება წყალსაწრეტი მილები.
გასული ერთი კვირის განმავლობაში დევნილთა და განსახლების სამინისტრომ თბილისში, ჯამში, 40 757 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები დააფინანსა. დევნილთა და განსახლების სამინისტროს დაფინანსებით, საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად, ასეთი სამუშაოები რეგიონებშიც მიმდინარეობს. სოფელ მარტყოფში სარემონტო სამუშაოები უტარდება თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრის გარე წყალსადენ სისტემას. თეთრიწყაროში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე რეაბილიტირებულ ობიექტზე წყალარინების (საკანალიზაციო სისტემის) ქსელის გამართვის სამუშაოები მიმდინარეობს. გასული ერთი კვირის განმავლობაში რეგიონში დაფინანსებული სამუშაოების ღირებულებამ, ჯამში, 10945 ლარი შეადგინა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, დევნილთა ჩასახლებებში, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, სამინისტრო სარეაბილიტაციო სამუშაოებს მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.