“რთული 2022 წელი იქნება, მაგრამ შესაძლოა, 2023 უარესი იყოს” – საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი

გლობალურ ეკონომიკაში არსებული მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზები უარესდება, 2023 წელს რეცესიის რისკები გაიზარდა, – განუცხადა Reuters-ს ფონდის ხელმძღვანელმა, კრისტალინა გეორგიევამ.

”აპრილში ჩვენი უკანასკნელი პროგნოზის შემდეგ, პერსპექტივა მნიშვნელოვნად გაუარესდა. რთული 2022 წელი იქნება, მაგრამ შესაძლოა, კიდევ უარესი 2023 წელი იყოს,” – თქვა მან და აღნიშნა, რომ “მომავალ წელს რეცესიის რისკები გაიზარდა”.

გეორგიევას თქმით, უახლოეს მომავალში საერთაშორისო სავალუტო ფონდი გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზს შეამცირებს: აპრილში ის იყო 3,6% დონეზე, იანვარში – 4,4% და ეს იქნება წელს პროგნოზის მესამე ცვლილება. მორიგი პროგნოზის გამოქვეყნება ივლისის ბოლოსთვის იგეგმება.

მისი თქმით, გასულ წელს მსოფლიო ეკონომიკა 6,1%-ით გაიზარდა.

გეორგიევა ეკონომიკური ზრდის კლების მიზეზებს შორის ასახელებს – ინფლაციას; საპროცენტო განაკვეთების უფრო მნიშვნელოვანი ზრდას; ჩინეთისა და რუსეთის ეკონომიკური ზრდის შენელებას; ესკალაციას და სანქციებს, რომლებიც უკრაინის ომთან არის დაკავშირებული.

მოამზადა ჯემალ ჟიჟავაძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები