ავილაინერმა მანჩესტერის აეროპორტში ტერაქტის საშიშროების გამო ექსტრემალური დაშვება განახორციელა

 ტერაქტის საშიშროების გამო კომპანია „Qatar Airways“-ის კუთვნილ თვითმფრინავს მანჩესტერში ექსტრემალური დაშვება მოუხდა. ლაინერის დაშვება მანჩესტერის აეროპორტში ბრიტანული საჰაერო-სამხედრო ძალების თვითმფრინავის თანხლებით მშვიდობიანად განხორციელდა. ექსტრემალური დაშვების მიზეზი რადიოკავშირით პილოტის შეტყობინება იყო, ავიალაინერში ბომბის შესაძლო არსებობის შესახებ – ამ ცნობას მანჩესტერის პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით სააგენტო „dpa“ ავრცელებს.
კომპანია „Qatar Airways“-ის კუთვნილი თვითმფრინავი რეისს დოჰადან მანჩესტერში ასრულებდა, მის ბორტზე დაშვების მომენტისთვის 269 მგზავრი და ეკიპაჟის 13 წევრი იმყოფებოდა. დაშვებიდან სულ მალე, პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ერთი მგზავრი, სწორედ მას ედება ბრალად თვითმფრინავში ბომბის არსებობაზე ცრუ-ინფორმაციის გავრცელება. ინციდენტთან დაკავშირებით, მანჩესტერის აეროპორტის მუშაობა 20 წუთით შეფერხდა, რა დროსაც 2 თვითმფრინავის დაშვება ლივერპულში მოხდა. გადამისამართება მოუხდა ინგლისური საფეხბურთო კლუბის „მანჩესტერ იუნაიტედის“ თვითმფრინავსაც, რომელიც ამერიკული ტურნეს შემდეგ მშობლიურ ქალაქში ბრუნდებოდა.
„მანჩესტერ იუნატედის“ თვითმფრინავმა ტერაქტის საფრთხის გამო ქალაქ ლიდსის აეროპორტისაკენ აიღო გეზი, რა დროსაც მას ბრიტანეთის სამხედრო ავიაციის თვითმფრინავი აცილებდა. თუმცა საშიშროების არარსებობის ცნობის მიღებისთანავე, კლუბის ავიალაინერიც მანჩესტერისაკენ გაემართა და ისიც მშვიდობიანად დაეშვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები