გიორგი თავდგირიძე: რუსეთმა შესაძლოა, “კუნთების თამაშის” მიზნით საქართველოს საჰაერო სივრცეც გადმოკვეთოს
რუსეთის ფედერაციის სამხრეთ რეგიონებში 4-იდან 8 აგვისტომდე სამხედრო-საჰაერო ძალების წვრთნები ჩატარდება.
როგორც რუსული მედია იუწყება, მასში მონაწილეობას მიიღებს 100 ავიაგამანადგურებელი და სამხედრო ვერტმფრენი. სწავლება ორმხრივი ხასიათის იქნება. ვარჯიშის დროს კრასნოდარის და როსტოვის ოლქებში სამხედრო აეროდრომებს გამოიყენებენ, ასევე – ჩრდილო ოსეთის პოლიგონებს.
სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე “კვირასთან“ საუბრისას აღნიშნული თემის კომენტირებისას აცხადებს, რომ რუსეთი საველე წვრთნების მეშვეობით შეიარაღებული ძალების რესურსების დემონსტრირებას ახდენს.
რაც შეეხება მოსალოდნელ საფრთხეს, რომელიც შესაძლოა, აღნიშნული წვრთნებით საქართველოს დაემუქროს, ექსპერტი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე აჟიოტაჟის ატეხვა და განგაშის გამოცხადება უსაფუძვლოა.
“ამ ეტაპზე საფრთხეზე საუბარი უასაფუძვლოა, ყველა სწავლება, რომლებიც ახლა იმართება, არის გეგმიური, ამასთან, რუსეთი განიცდის გარკვეულ ეკონომიკურ-პოლიტიკურ ზეწოლას, ამიტომ ცდილობს მოახდინოს ძალის დემონსტრირება და ამ წვრთნებს მხოლოდ სასწავლო დანიშნულება არ აქვს. რუსეთის საჰაერო ძალებმა წვრთნების პერიოდში შეიძლება “კუნთების თამაშის“ მიზნით საქართველოს საჰაერო სივრცეც გადმოკვეთონ, მაგრამ საქართველოს მხარე პროვოკაციაზე არ უნდა წამოეგოს და არც წამოეგება. ამ წვრთნების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება არის ის, რომ რუსეთმა ნატოს და ევროკავშირს დაანახოს, რომ თუ, ვთქვათ, იუგოსლავიის სცენარი მოუვიდა თავში დასავლეთს, რუსეთს აქვს შესაბამისი საპირწონე შეიარაღება. ამასთან, რუსეთს პრობლემები აქვს შეიარაღებულ ძალებში. ამიტომ ასეთი სწავლებები გახშირდა, რომ მათ მოახერხონ საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგი“, – განუცხადა “კვირას“ გიორგი თავდგირიძემ.