„რუსეთს საინვესტიციო შიმშილის საფრთხე აქვს, მის ეკონომიკას სერიოზული პრობლემები ექნება“ – ცუცქირიძე განმარტავს, რას ნიშნავს დეფოლტი რუსეთისთვის
„თუნდაც ეს ტექნიკური დეფოლტი და საერთაშორისო ვალუტაში ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული პრობლემები, გარკვეულწილად, რუსეთისთვის საინვესტიციო შიმშილის დიდ საფრთხეს ქმნის“, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ეკონომიკას სერიოზული პრობლემები ექნება.
„რაც შეეხება საკითხს, რომელიც რუსულ დეფოლტთანაა დაკავშირებული. რუსეთს პირველ კვარტალში 3,5 % -იანი ზრდა ჰქონდა, თუმცა, თუ ომი გაგრძელდა, სხვადასხვა შეფასებით, წლის ბოლოს რუსეთი შეიძლება უარყოფით მაჩვენებელზე გავიდეს. ხშირად არასწორი შეფასებები იყო, რომ რუსეთი დეფოლტის წინაშე აღმოჩნდა. ხაზი მინდა, გავუსვა იმას, რომ დეფოლტი საგარეო ვალების ვერმომსახურებას ნიშნავს, ანუ როცა ქვეყანა დადგენილ ვადაში საგარეო ვალებს ვერ იხდის. რუსეთს დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარი ჰქონდა გადასახდელი, ესაა კუპონური ვალი რუსულ ფასიან ქაღალდებზე. ამ ვალში მაისში ვერგადახდილი ვალი შედიოდა, როდესაც გარკვეული პრობლემები პირველად შეექმნა. თემა ისაა, რომ რუსეთი ვალს იმის გამო ვერ იხდიდა, რომ შემოსავლები არ ჰქონდა, არამედ იმის გამო, რომ რუსულ ბანკებს სანქციები დაედო და დოლარში ამ ვალის მომსახურების პრობლემა ჰქონდა. რომ შევაფასოთ: ესაა არა კლასიკური დეფოლტი, არამედ – ტექნიკური დეფოლტი. ტექნიკურად ვერ გადაიხადა, თორემ გადახდა შეეძლო. მიუხედავად ამისა, ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ რუსეთის ეკონომიკას სერიოზული პრობლემები ექნება.
თუნდაც, ეს ტექნიკური დეფოლტი და საერთაშორისო ვალუტაში ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული პრობლემები, გარკვეულწილად რუსეთისთვის საინვესტიციო შიმშილის დიდ საფრთხეს ქმნის. წამყვანი უცხოური კომპანიები მოგების ნაწილს რუსეთის ეკონომიკაში არათუ ტოვებენ, არამედ ინვესტიციების დარჩენილი ნაწილი გააქვთ, რომელიც რუსეთის ეკონომიკაში ედოთ. ფაქტობრივად, ყველა წამყვანმა ამერიკულმა თუ ევროპულმა კორპორაციამ რუსეთში საქმიანობა შეაჩერა. რუსეთს ახალი ვალის აღება რომ დასჭირდეს, ფაქტობრივად, ახალ ობლიგაციებს ვეღარ გამოუშვებს, რადგან არავინ იყიდის, თუნდაც, ტექნიკურ დეფოლტიდან გამომდინარე. ეს ყველაფერი რუსეთის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს ერთ-ერთი ამოცანაა, რუსეთის ბაზრის დაბალანსება, ანუ ნაწილობრივ ჩანაცვლება მოხდეს. როგორც ცუცქირიძე აცხადებს, საქართველოს ეკონომიკა დივერსიფიკაციას უკვე განიცდის.
„რუსეთის ეკონომიკის ვარდნა თუ დაიწყო, ის ერთწლიანი არ იქნება, სხვადასხვა გათვლით, შეიძლება – 2-3 წელს გაგრძელდეს. ეს, გარკვეულწილად, შეიძლება საქართველო-რუსეთის სავაჭრო ბალანსზეც აისახოს, იგივე ფულად გზავნილებზე, რომელიც აქ რუსეთიდან შემოდის.
რუსეთია კვლავ ჩვენს ერთ-ერთ წამყვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყნად რჩება.
დღეს ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, როგორმე რუსეთის ბაზრის დაბალანსება, ანუ ნაწილობრივ ჩანაცვლება მოხდეს. ეს ექსპორტსაც ეხება და იმპორტსაც. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ექსპორტი რეკორდულადაა გაზრდილი იმ ბაზრებზე, სადაც ადრე რაიმე მნიშვნელოვანი გაყიდვები არ გვქონდა. ესაა სამხრეთ ამერიკის ბაზარი, ჩინეთი, აშშ, აქ ზრდა 100 %-ზე მეტი გვაქვს. ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნებშიც. ანუ ჩვენი ეკონომიკა დივერსიფიკაციას განიცდის. დღეს მთავარი ამოცანაა, ეკონომიკის გადაწყობა კიდევ უფრო სწრაფი ტემპით მოხდეს, რომ ჩვენ მხოლოდ 1, ან 2 ბაზარზე არ ვიყოთ დამოკიდებულები. ამ მიმართულებით ბევრი კეთდება. მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, ექსპორტიორებს ხელსაყრელი პირობები შეუქმნას”, – განაცხადა ცუცქირიძემ.