ცუცქირიძე: არსებული დინამიკა გვაძლევს იმის დაშვების ალბათობას, რომ წლის ბოლოსაც საკმაოდ მაღალი, თითქმის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება
„ეს დინამიკა რაც გვაქვს, თუნდაც მაისის მონაცემი, გვაძლევს იმის დაშვების ალბათობას, რომ ჩვენ წლის ბოლოსაც საკმაოდ მაღალი, თითქმის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება“, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
ცუცქირიძე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც 2022 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 11.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 11.2 პროცენტით განისაზღვრა.
„ვიწყებთ ეკონომიკის იანვარ-მაისის მონაცემების შეფასებას. ვხედავთ, რომ მაისშიც ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა – 11, 6 %. ეს საკმაოდ მაღალი რიცხვია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზრდა გასულ წელთან უნდა შედარდეს, რომლის ბაზისური ეფექტიც საკმაოდ მაღალია. გასულ წელს, მაისში დაახლოებით 26 %-იანი ზრდა გვქონდა. გასულ წელთან შედარებით თუ ავიღებთ, როგორც ბაზისურ ეფექტთან, ამ 11, 6 %-ს ძალიან მაღალ მაჩვენებლად ამიტომ ვაფასებთ.
ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით რამდენიმე ფაქტორი მინდა, გამოვყო. ეს არ არის უბრალოდ სტატისტიკური რიცხვი. მონაცემები სხვა ქვეყნებს უნდა შევადაროთ. ამით უფრო რეალური წარმოდგენა შეგვექმნება იმაზე, თუ როგორია ჩვენი ეკონომიკის განვითარების ტემპები. პირველ ყოვლისა, რეგიონის ქვეყნებს, თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს უნდა შევადაროთ, მათ შორის, ყაზახეთსაც, შეიძლება, რეგიონის მასშტაბითაც ავიღოთ, იგივე შავი ზღვის აუზის ქვეყნები: ბულგარეთი და რუმინეთი. უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ არათუ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ე.წ. ეგზოტიკურ, მცირე ზომის, ტროპიკული ზონის ქვეყნებს, სადაც ეკონომიკური ზრდა ერთი რომელიმე დარგის განვითარებითაც შეიძლება, ორნიშნა იყოს. ამიტომ, ჩვენი შეფასება მხოლოდ პოზიტიურია.
რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდა გვაქვს ისეთ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ არიან შეერთებულები. არის ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ მაღალი ზრდა იმის გამო გვაქვს, რომ საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა. საქართველო საერთაშორისო სანქციებს ძალიან ბევრ ნაწილშია შეერთებული, მათ შორის, მაღალი ტექნოლოგიების ნაწილში. ერთადერთი, სადაც შეერთებული არ ვართ, ისევე – როგორც ძალიან ბევრი ქვეყანა, ეს საგარეო სავაჭრო ბრუნვაა. ეს ექსპორტსაც ეხება და იმპორტსაც. ანუ რუსეთის ბაზარი არ ჩაგვიკეტავს. ასეთივე ქვეყნებია თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი. ამ ქვეყნებთან მიმართებით საკმაოდ მაღალი ზრდა გვაქვს. პირველ კვარტალში სომხეთის ეკონომიკური ზრდა 8, 6 % იყო, თურქეთის 7, 3%, აზერბაიჯანის 6, 5%, ყაზახეთის 4, 4 %. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თემა, სპეკულაცია ამოიწუროს, რომელიც სანქციებზე ჩვენს შეერთება-არშეერთებასთანაა დაკავშირებული.
ზოგადად, ზრდის მაჩვენებელი იმათაცაა საინტერესო, რომ ჩვენ პირველ კვარტალში საკმაოდ მაღალი ზრდა გვქონდა. თავდაპირველი შეფასებით, 14, 4 და დაკორექტირებული – 0, 5 პროცენტული პუნქტით გაზრდილი. ფაქტობრივად, 15 %-მდე ზრდა, რომელიც სამჯერ მეტია, ვიდრე ევროკავშირის საშუალო ზრდის მაჩვენებელი, რომელიც 5, 2 %-ია. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან შედარებით მაღალი ზრდა სლოვენიასა და პოლონეთს აქვთ – 9, 3 %-ის ფარგლებში.
ჩვენი ეკონომიკის მაღალი მაჩვენებლის აღიარება ივნისში მსოფლიო ბანკის შეფასებაცაა, რომელმაც თავდაპირველი პროგნოზი გააორმაგა. ახლა პროგნოზი 5, 5 %-ია. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ წლის ბოლოს საკმაოდ მაღალ ზრდას ველოდებით. ეს დინამიკა, რაც გვაქვს, თუნდაც მაისის მონაცემი, გვაძლევს იმის დაშვების ალბათობას, რომ ჩვენ წლის ბოლოსაც საკმაოდ მაღალი, თითქმის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
მანვე განმარტა, რა იყო ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ფაქტორები.
„პირველ ყოვლისა, ესაა გაუმჯობესებული სავაჭრო საგარეო ბრუნვა, რომელიც 37 %-ითაა გაზრდილი. ეს საკმაოდ მაღალი მონაცემია. აქ იანვარ-მაისის მაჩვენებელს ვგულისხმობ. მაისში ასევე სარეკორდოდ იყო გაზრდილი ექსპორტი: როგორც ადგილობრივი, 63 -%-ით, ასევე, ზოგადად, ექსპორტი 54 % -მდე.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ტურიზმიდან მიღებული გაზრდილი შემოსავლებია, რომელიც, ფაქტობრივად, კრიზისამდე წინა პერიოდის იდენტურია. პანდემიური პერიოდიდან მოყოლებული იყო კრიტიკა, რომ მთავრობა ტურისტულ ინდუსტრიაზე ტყუილად ხარჯავდა ფულს, როცა ბიზნესის გადასარჩენად გარკვეული მხარდამჭერი პროგრამები ხორციელდებოდა. აღმოჩნდა, რომ ეს პოლიტიკა სწორი იყო.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი ინვესტიციებია. მოგეხსენებათ, რომ პირველ კვარტალში, როცა ძალიან მაღალი ზრდა გვქონდა, ასევე, სარეკორდო იყო ინვესტიციები, 4-ჯერ გაზრდილი. თუნდაც 2019 წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დაახლოებით 79 %-ითაა გაზრდილი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია კაპიტალში ინვესტიციები, რომლებიც 8, 5 -ჯერაა გაზრდილი. ასევე, რეინვესტირება, როცა ინვესტორები ფულს ქართულ ეკონომიკაში ტოვებენ. ასევე, აქაც მაღალი ზრდის მაჩვენებელი იყო – 4, 5 %.
გარდა ამისა, აღსანიშნავია ფულადი გზავნილები, რომელიც მაისში საკმაოდ გაზრდილია, დაახლოებით, 167 %-ით.
თუ დარგობრივ ჭრილში შევხედავთ, ზრდა ყველა მიმართულებით გვაქვს. მათ შორის, უნდა გამოიყოს როგორც აგროსექტორი, ასევე, მომსახურების სერვისები, დამამუშავებელი მრეწველობა.
ერთ-ერთი მაჩვენებელი იმისა, რომ ჩვენთან თითქმის ყველა ფუნდამენტური პარამეტრი გაუმჯობესებულია, სავალუტო კურსია. მას შემდეგ რაც ლარი, დაახლოებით 2 თვის წინ 3-ის ნიშნულს ჩამოსცდა, ის 3-ის ზემოთ აღარ ასულა. ეს თავისებური ფსიქოლიგიური ბარიერი ლარმა გაუმჯობესებული ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენის შედეგად დაძლია“, – განაცხადა ცუცქირიძემ.