მოსკოვმა დიდი ბრიტანეთის ელჩს „შეურაცხყოფისთვის“ საპროტესტო ნოტა გადასცა და საგარეო უწყებაში დაიბარა

მოსკოვმა დიდი ბრიტანეთის ელჩს „შეურაცხყოფისთვის“ საპროტესტო ნოტა გადასცა და საგარეო უწყებაში დაიბარა. ამის შესახებ BBC-ი წერს.

გამოცემის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბრიტანეთის ელჩს, დებორა ბრონერტს ოფიციალური ნოტა გადაეცა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქმე ეხება ბრიტანეთის ხელისუფლებისგან შეურაცხმყოფელ რიტორიკას და მათ მიერ შეგნებულად ყალბი ინფორმაციის გავრცელებას ატომური იარაღის გამოყენების მუქარის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ, გაჟღერდა რუსული მხარის მიერ.

„წესიერ საზოგადოებაში ასეთი განცხადებებისთვის ბოდიშის მოხდაა მიღებული“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

როგორც ვარაუდობენ, საპროტესტო ნოტა ეხება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მიერ გერმანულ მედიასთან გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან რუსეთის უკრაინაში შეჭრა „ტოქსიკური მასკულანობის გამოვლინებად“ შეაფასა.

რაც შეეხება ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარის შესახებ ინფორმაციას, რუსეთის საგარეო უწყება, სავარაუდოდ, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის სიტყვებს გულისხმობდა, რომელმაც რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერ მარია ზახაროვაზე საუბრისას განაცხადა, რომ „ის ყოველ კვირას ემუქრება მთელ მსოფლიოს ბირთვული იარაღით“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები