ანრი ოხანაშვილი – ვატო წერეთელზე: მომიახლოვდა და ყურში ჩურჩულით უბინძურესი სიტყვები თქვა – ეს იყო თავდასხმა პარლამენტის წევრზე უმძიმესი, უბინძურესი პროვოკაციით

ის მომიახლოვდა და ყურში ჩურჩულით უბინძურესი სიტყვები თქვა, რასაც მე არ და ვერ ვიტყვი. ეს იყო უბინძურესი პროვოკაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ის ღონისძიებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან მივიდა „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი და სთხოვა, რომ რაღაცის თქმა სურდა.

„ის მომიახლოვდა და ყურში ჩურჩულით უბინძურესი სიტყვები თქვა, რასაც მე არ და ვერ ვიტყვი. ეს იყო უბინძურესი პროვოკაცია. ის მაშინვე, მყისიერად გაეცალა იქაურობას სწრაფი ნაბიჯებით. პრაქტიკულად ეს იყო წარმოუდგენელი რამ, ვერც გავაცნობიერე, თუ რასთან მქონდა საქმე. თუმცა ფაქტი ის იყო, რომ მან უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო და შესაბამისად ლოგიკურია, რომ მე მქონდა ინტერესი, მისთვის მეკითხა, თუ როგორ გაბედა ეს მან აშშ-ის საელჩოს ღონისძიებაზე და როგორ გაბედა ადამიანის მიმართ, რომელსაც პრაქტიკულად არც იცნობს. რამდენიმე წუთში ის დავინახე, რა დროსაც ვკითხე, თუ რატომ იკადრა და როგორ გაბედა ეს უბინძურესი პროვოკაცია, რა დროსაც მან გააგრძელა შესაბამისი საუბარი. ამას ჩემი მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაქცია, ადეკვატური პასუხი, თუმცა არა ისეთი ბინძური საუბარი, რაც მისი მხრიდან იყო. ამ დროს მოხდა მცირე ფიზიკური შეხლა-შემოხლა.

მე ვფიქრობ, რომ ამას უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება, ასევე აშშ-ის საელჩოს მხრიდან. ეს იყო თავდასხმა პარლამენტის წევრზე უმძიმესი, უბინძურესი პროვოკაციით. მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ჩაწერილია საელჩოს კამერებზე, როგორ მოდის ჩემთან, როგორ მიხმობს გვერდით და როგორ მესაუბრება. ასევე მე როგორ მივდივარ და ვეკითხები, თუ რატომ გაბედა უბინძურესი პროვოკაცია. ეს არ არის ჩვეულებრივი საუბარი და კრიტიკა, ეს იყო უბინძურესი პროვოკაცია, რომელსაც ვერც ერთი ქართველი ვერ აიტანდა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები