მამუკა მდინარაძე – ვატო წერეთელზე: ის შეგნებულად, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე წავიდა უმძიმეს პროვოკაციაზე, რასაც საბოლოოდ დაპირისპირება მოჰყვა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ანრი ოხანაშვილისა და „ტვ. პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის შორის მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ვატო წერეთელი შეგნებულად, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე წავიდა უმძიმეს პროვოკაციაზე, რასაც საბოლოოდ დაპირისპირება მოჰყვა.

„მხოლოდ ორი ვერსია გვაქვს:

ვერსია 1: წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს (დედის გინება ყველაზე ბინძური და ამაზრზენი ფორმით), გაეცალა მყისიერად და ძალიან მალე თანმხლებ ახალგაზრდა ქალთან ერთად, ჭიქით ხელში კვლავ მიუახლოვდა, რითაც ის შეგნებულად, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე(!), წავიდა უმძიმეს პროვოკაციაზე, რასაც საბოლოოდ მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ვერსია 2: ამერიკის საელჩოში მიღებაზე სტუმრად მისულმა ოთხმა დეპუტატმა, დაინახეს რა ტვ1-ს დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი, მივარდნენ მას და უმიზეზოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

დასკვნები უმარტივესი გამოსატანია!…

როგორი მართალიც არის მეორე ვერსია, ისეთივე მართლები არიან სულ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი ტელევიზიების ლიდერები.

ასევე უნდათ საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანება. ასევე განიცდიან თავისი სამშობლოს ტკივილს. ასეთივე სიმართლით იბრძვიან…

სინამდვილეში კი, არ არსებობს მათზე პროვოკატორი, ანტიეროვნული, ანტიევროპული და საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის მწარმოებელი ხალხი (იხ. ვერსია და სიმართლე #1)!“, – წერს მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები