ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა სამიტზე ახალი სტრატეგია დაამტკიცა, რომელშიც მთავარ საფრთხედ რუსეთია დასახელებული.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ალიანსის სტრატეგიული ბირთვული ძალები მოკავშირეთა უსაფრთხოების უმაღლეს გარანტიად რჩება.
ამის შესახებ Eurointegration-ი წერს.
“2022 წლის სტრატეგიული კონცეფცია ადასტურებს, რომ ალიანსის სტრატეგიული ბირთვული ძალები მოკავშირეთა უსაფრთხოების უმაღლესი გარანტიაა. სანამ იარსებებს ბირთვული იარაღი, ნატო ბირთვულ ალიანსად დარჩება”, – ნათქვამია ტექსტში.
ამავდროულად, ნატო-ს მიაჩნია, რომ გარემოებები, როდესაც ალიანსს შესაძლოა, ბირთვული იარაღის გამოყენება მოუწიოს, უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა.
ნატო ხაზს უსვამს, რომ, ბირთვული იარაღის შენარჩუნებით, ალიანსი „ცდილობს, სამყარო ყველასთვის უფრო უსაფრთხო ადგილად აქციოს“ და შექმნას პირობები „სამყაროსთვის ბირთვული იარაღის გარეშე“, ამიტომ, ხაზს უსვამს ბირთვული შეკავების უნიკალურ როლს.
“ნატო მიიღებს ყველა საჭირო ზომას ბირთვული შეკავების საიმედოობის, ეფექტურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ნატო გააგრძელებს სანდო შემაკავებელი მექანიზმის შენარჩუნებას, სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერებას, წვრთნების ეფექტურობის გაზრდას და სტრატეგიული რისკების შემცირებას”, – ნათქვამია სტრატეგიული კონცეფციის ტექსტში, რომელიც გამოცემის ხელში აღმოჩნდა.