კახა კახიშვილი: თუ პრემიერს არასამთავრობოებთან შენიშვნები აქვს, მათ შორის კომუნიკაცია უნდა შედგეს

  თუ პრემიერი თვლის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა არასწორად მიმდინარეობს, დისკუსიების ფორმატი და კომუნიკაცია უნდა შედგეს, – ამის შესახებ იურისტმა და ექსპერტმა კახა კახიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კარგი იქნება, თუ ცუდს ორივე მხარე ერთმანეთს კითხვები დაუსვამს.
„რეალურად, მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი მოგვევლინა პრემიერ-მინისტრად, მას არც ექსპერტებთან და არც არასამთავრობო სექტორთან არანაირი შეხვედრა არ ჰქონია, გარდა ჟურნალისტებისა. თუ პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ არასწორად მიმდინარეობს არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა, ამისთვის დისკუსიების ფორმატი არსებობს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებს ექნებათ საშუალება, პრემიერს ის კითხვები დაუსვან, რომელსაც მას უსვამენ დისტანციურად და თუ მას მიაჩნია, რომ კითხვები არ არის ობიექტური – ასე, მას ექნება საშუალება გასცეს კითხვებზე პასუხი და მანაც დაუსვას კითხვები არასამთავრობო სექტორს. როცა ცოცხალი დისკუსიაა, ბევრი რამ ხდება ნათელი. ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ იმაში, რომ ორივე მხარემ ერთმანეთს კითხვები დაუსვას. მთავარია, ამ კითხვების დასმის პროცესით არ დასრულდეს ყველაფერი. მთავარი კომუნიკაციის სურვილია, და თუ არსებობს მსგავსი სურვილი, კომუნიკაცია უნდა შედგეს,”- განაცხადა კახა კახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არასამთავრობო სექტორის მუშაობაში ტენდენციურობას ამჩნევს. პრემიერის თქმით, მათ ვერ გაურჩევიათ, სად გადის ობიექტურობის ზღვარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები