აშშ ევროპაში სამხედრო ყოფნას გააძლიერებს

მადრიდში ნატო-ს სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ევროპაში სამხედრო ძალების გაძლიერების შესახებ გამოაცხადა.

ამის შესახებ მან ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე თქვა.

„დღეს მე ვაცხადებ, რომ შეერთებული შტატები აძლიერებს ჩვენს ძალებს ევროპაში“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა და დასძინა, რომ ნატო მთელს მსოფლიოში ყველა სფეროში გაძლიერდება – ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები აგზავნის ორ დამატებით სამხედრო გემს ამერიკულ-ესპანურ ბაზა “როტაში” და, შესაბამისად, ადგილზე ამერიკული გემების რაოდენობა 6-მდე გაიზრდება.

ბაიდენის თქმით, შეერთებული შტატები პოლონეთში აშშ-ის მეხუთე არმიის კორპუსის მუდმივ შტაბ-ბინას შექმნის, რაც ხელს შეუწყობს შეერთებული შტატების და ნატო-ს ძალების თავსებადობის გაძლიერებას ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე.

ასევე, შტატები ბრიტანეთში დამატებით ორ სამხედრო ესკადრილიას F-35-ს გაგზავნის და გერმანიისა და იტალიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას გააძლიერებს.

რუმინეთში განთავსდება როტაციული ბრიგადა, რომელიც შედგება 3000-მდე მებრძოლისა და 2000-მდე სხვა პერსონალისგან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები