ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე მომხდარ თავდასხმას ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უტიფარი ტერორისტული აქტი უწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქ კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე მომხდარ თავდასხმას ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უტიფარი ტერორისტული აქტი უწოდა.

„მშვიდობიანი ქალაქი, ჩვეულებრივი სავაჭრო ცენტრი, შიგნით ქალები, ბავშვები, ჩვეულებრივი მშვიდობიანი მოქალაქეები. საჰაერო თავდასხმის გამოცხადებამდე იქ დაახლოებით ათასი ადამიანი იმყოფებოდა. ასეთ ობიექტზე სარაკეტო დარტყმა მხოლოდ სრულიად უგუნურ ტერორისტებს შეუძლიათ, რომელთა ადგილი დედამიწაზე არ არის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აღნიშნული თავდასხმა განზრახ იყო განხორციელებული.

„ეს არ არის შეცდომით განხორციელებული სარაკეტო დარტყმა. ეს არის ამ სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ დაგეგმილი დარტყმა. სამაშველო ოპერაცია გრძელდება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ დანაკარგები შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, დაჭრილების სამკურნალოდ ექიმები კიევიდან გაგზავნეს. ამასთან, ქვეყნის ლიდერმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ დაიცვან ხელისუფლების გაფრთხილებები.

„ყველას ვთხოვ, როცა საჰაერო განგაშის სირენის ხმას გაიგონებთ, გთხოვთ, წადით თავშესაფარში. აუცილებლად. ნუ უგულებელყოფთ ამას. რუსეთი არაფერზე შეჩერდება“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ბოლო მონაცემებით, პოლტავას ოლქში, ქალაქ კრემენჩუკში რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა, 56 კი დაშავდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები