სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 14:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა სხდომა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, სასამართლომ სხდომა იმ დრომდე გადადო, ვიდრე სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის დეტალები დაზუსტდება და “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილის მიერ პროცესში ჯეროვანი მონაწილეობის შესაძლებლობას დაადგენენ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდადებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

აღნიშნულ საქმეზე ასევე დააკავეს ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე. მათ სააკაშვილისთვის საზღვრის კვეთისას დახმარებას ედავებიან. 20 იანვარს მათ პატიმრობა 5 000-5 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები