ბექა ქურხული: საქართველოსაც და უკრაინასაც ერთი მომავალი გვაქვს – გამარჯვება
“საქართველოც, უკრაინაც, მოლდოვაც, ბალტიისპირეთიც, აზერბაიჯანიც და იმედია, მოვა დრო და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიც, ერთ გზას ვადგავართ – რუსეთის დიქტატორული და დეგრადირებული იმპერიისგან საბოლოოდ თავის დაღწევისა და გადარჩენის გზას”, – ამის შესახებ მწერალი, ბექა ქურხული გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, საქართველოსაც და უკრაინასაც ერთი აწმყო და მომავალი აქვს – გამარჯვება.
“1992-1993 წლებში აფხაზეთში, შემდეგ კი საქართველო-რუსეთის ომს ცხინვალში, რომელიც პირველად 1990-1992 წლებში, შემდეგ კი 2008 წლის აგვისტოში მოხდა სიმძაფრე, მსხვერპლი და ტრაგედია არ მოჰკლებია, მაგრამ უკრაინაზე თავდასხმამ მაინც სხვა მასშტაბები მიიღო. ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში ფრონტი ათასობით კილომეტრზეა გადაჭიმული. მთელი უკრაინა ფრონტის ხაზია და მასში მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი სახელმწიფოა ჩართული. 1962 წლის კარიბის კრიზისის შემდეგ პირველად საუბარია ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, ანუ კაცობრიობა დე ფაქტო მესამე მსოფლიო ომის, ატომური კატასტროფის წინაშე დგას! უკრაინაში ყოფნისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, არც ერთი ომი და კონფლიქტი ერთმანეთს არ ჰგავს. მაგალითად, საქართველოში, იმის მიუხედავად, რომ მტერი ერთია, რუსეთის იმპერია, აფხაზეთისა და ცხინვალის ომებიც განსხვავდება ერთმანეთისგან. აღარაფერს ვიტყვი ჩვენს რეგიონში მიმდინარე სხვა კონფლიქტებზე. ომი და კონფლიქტი საოცრად წააგავს სიყვარულს, არც ერთი ადამიანის რომანი არ მეორდება, ყველა ომი და სიყვარული თავის განსაკუთრებულ სახეს იძენს, განსაკუთრებულ დრამას თუ ტრაგედიას მოიცავს. თვით უკრაინა-რუსეთის ომი 2014 წლიდან და ის, რაც ჩვენ თვალწინ 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, უკვე ერთი ომის ორი სრულიად სხვადასხვა დამოუკიდებელი ეტაპია. ვფიქრობ, რუსეთს გამარჯვების შანსი თითქმის არა აქვს. მგონია, ეს ომი გაგრძელდება და ბევრ სიცოცხლეს წაიღებს, სანამ კრემლის მონსტრი საბოლოოდ არ დამარცხდება.
რუსეთის იმპერიას ულევი ადამიანური და ბუნებრივი რესურსი აქვს. უკრაინელმა ხალხმა ომის პირველ თვეებშივე მიაღწია წარმატებას. ამ ცეცხლში ისე გამოიწვრთნენ და გაერთიანდნენ, როგორც არასოდეს. მათი გმირული წინააღმდეგობა რუსეთის დამპყრობელი არმიის წინააღმდეგ საარაკო და განსაცვიფრებელია. უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ბრძოლაში ჩამოყალიბდა და უზარმაზარი მსხვერპლი გაიღო ღირსებისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად. რუსეთის გეგმა, რომ ორ-სამ დღეში კიევში შეისეირნებდა, ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას დასრულებულად გამოაცხადებდა, უკრაინის მთავრობა სასწრაფოდ მოცოცხავდა და პუტინი თავის პირობებს წამოუყენებდა უკრაინას და მსოფლიოს, სამარცხვინოდ ჩავარდა. ბლიცკრიგის მცდელობა კრემლისთვის კატასტროფული მარცხით დამთავრდა. და აი, აქ იწყება – კი, ბლიცკრიგი ჩავარდა, უკრაინა და მასთან ერთად საქართველოც, პოლონეთიც და მთელი ევროპაც გამარჯვებას ზეიმობს, მაგრამ სწორედ ეგ არ მომწონს, ძალიან არ გაგვიგრძელდეს ზეიმი, არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთის იმპერიის არაჩვეულებრივი უნარი, ისე მოიგოს ომები, ვერც ერთ ბრძოლაში ვერ გაიმარჯვოს.
აფხაზეთის ომში ჩვენმა ბიჭებმა არავისზე ნაკლებად არ იბრძოლეს, უამრავი გმირობის და თავდადების მაგალითი იყო, ყველა გადამწყვეტი ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ საბოლოოდ დავმარცხდით… ძალიან არ მინდა უკრაინა ერთი წამით მაინც მოეშვას და ჩვენი ბედი გაიზიაროს! ჯერ არაფერი დამთავრებულა, ყველაფერი ახლა იწყება. ნაპოლეონმა მოსკოვი აიღო, მაგრამ საბოლოოდ მაინც რუსული ხიშტი ნახეს პარიზში; მე-20 საუკუნეში გერმანულ ვერმახტზე ძლიერი და აწყობილი სამხედრო მანქანა არ არსებობდა. მოსკოვის გარეუბნებში შევიდნენ, უკვე კრემლის კურანტებს ხედავდნენ დურბინდში, საბოლოოდ კი რუსმა ჯარისკაცმა თავისი ფეხსახვევები გამოფინა ბრანდენბურგის ჭიშკართან… ბლიცკრიგი კი ჩაუვარდათ, მაინც მეთოდურად, ნელა, უკვე ფრთხილად, მაგრამ ჯიუტად მიიწევენ წინ. ვიმედოვნებ, მისი მარცხი გარდაუვალია, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ უდიდესი ძალისხმევით, მსხვერპლით, ბრძოლით და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. დღეს უკრაინაში მხოლოდ მისი ან საქართველოს კი არა, მთელი ევროპის, მსოფლიოს ბედი წყდება.
სულ უნდა გვახსოვდეს, რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, “ესესერიც” სანატრებელი გაგვიხდება და პირდაპირ ჩრდილოეთ კორეის ჯურღმულებში ამოვყოფთ თავს… უკრაინაში განცდილი აღფრთოვანება, ალბათ, მთელი ცხოვრება გამყვება. ამ მშვიდობიანმა, შრომისმოყვარე ხალხმა მსოფლიოს აჩვენა, რას ნიშნავს ღირსება, თავდადება და თავისუფლების სიყვარული. ქართველებს, საერთოდ კავკასიელებს, საუკუნეების განმავლობაში თითქოს სისხლში გვაქვს გამჯდარი თავისუფლებისა და ღირსებისათვის ბრძოლის ჟინი. ახლაც უკრაინაში 2000 ქართველი იბრძვის და 20-მდე მებრძოლი უკვე დაგვეღუპა. მერაბ კოსტავა ამბობდა, კაცობრიობამ იცის 30-წლიანი ომიც, 100-წლიანი ომიც, მაგრამ საქართველოს მრავალათასიანი ისტორია განუწყვეტელი ომების ისტორიააო. თუმცა, ის თავდადება, რაც უკრაინელებმა ამ 4 თვეში მსოფლიოს აჩვენეს, დაუვიწყარია. ლვოვში ჩემი მეგობრის, პოეტის და მთარგმნელის, ქართველოლოგის – ნატალია ტროხიმის ოჯახმა გვიმასპინძლა. მისმა ვაჟმა მიხასმა და რძალმა ულიანამ მიგვიღეს. იმდენი ლტოლვილი, სრულიად უცნობი ადამიანები შეიფარეს, სათვალავი ამერია, თან ისეთი სიყვარულით, სითბოთი, ჩვენი განთქმული კავკასიური სტუმართმოყვარეობა ლამის განზე დაგვრჩა. კიევში ცნობილი უკრაინელი პოეტი და ბარდი ვალერი სერგეევი, მეტრო “სალვუტიცთან” დნეპრისპირა აგარაკებზე თითქმის მარტო დარჩა 70 წლის ასაკში, რადგან იმ დაბომბვების დროსაც კი ფეხი არ მოიცვალა და სრულიად მარტო უვლიდა მეზობლების კარ-მიდამოს, ყოველდღიურად აპურებდა მათ ძაღლებს და კატებს და 28 მაისს ბარდების კონცერტი გამართა ღია ცის ქვეშ. პოეტმა ვადიმ გეფეტერმაც გამართა მეტროში საკუთარი ხარჯით გრანდიოზული კონცერტი, საკუთარ სასტუმროში დააბინავა უამრავი ლტოლვილი, მატერიალურად ეხმარებოდა “აზოვზე” არანაკლებ ცნობილ სპეცდანიშნულების ბატალიონ “აიდარს”. ყოველთვის მადლიერი ვიქნები ჩემი თანამებრძოლისა და უფროსი მეგობრის, შესანიშნავი პოეტის, აფხაზეთის ომის ვეტერანის, ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერ გიორგი ჭყონიასი, რომ ეს ადამიანები გამაცნო.
ომში ყველა ადამიანი იცვლება… სიკვდილ-სიცოცხლის ეს განუწყვეტელი და საბედისწერო თამაში ნებისმიერ სულიერზე აისახება. დაბომბვამდე და მის შემდგომ ჩიტები ჭიკჭიკს წყვეტენ და უცნაური, ავისმომასწავებელი, თითქოს გამაყრუებელი სიჩუმე ჩამოვარდება. ეს ომი არც პირველი იყო ჩემთვის და გული მიგრძნობს, არც უკანასკნელი იქნება. ფაქტობრივად, ომში გავიზარდე, რამაც ჩემს ცხოვრებასა და შემოქმედებას დაღი დაასვა. უკრაინის ომმა კიდევ ერთხელ დამანახა ომის ცხოველური სისასტიკე. რა გიღირს 3 თვის ბავშვის ან შენივე გასაცოდავებული ჯარისკაცების სიკვდილად? თუ ასეთი მაგარია პუტინი, ბუნკერში არ ჩაიმალებოდა. ასეთი რა ვირუსი გვჭირს მთელ კაცობრიობას, რომ აბელიდან და კაენიდან დღემდე ერთი დღეც ვერ გავძელით ისე, ერთმანეთის სისხლი არ დაგველია და ყველა პუტინი, ჰიტლერი, პოლ პოტი, ლენინი, შაჰ აბასი, იდი ამინი, სომოსა, ეიხმანი და უჯიშო ჯალათების მთელი ლეგიონი ჯოჯოხეთიდან არ ამოგვეძრო? რატომ ვერ წყვეტს კაცობრიობა ომს, არ ვიცი”,- აცხადებს მწერალი.
კითხვაზე: “უკრაინაში დედაზე არაერთხელ დაწერეთ. მშობლის მონატრება სულ თან სდევს ადამიანს, მაგრამ ომში, ალბათ, მძაფრდება…” – პასუხობს:
“უღრმესი მადლობა ამ კითხვისთვის… კი მძაფრდება, მით უმეტეს, რომ მთელი ცხოვრება დავტანჯე ოჯახის წევრები და მით უფრო დედა ჩემი ექსპედიციებით და რეიდებით ცხინვალში თუ აფხაზეთში, დაღესტანში თუ ინგუშეთში. პანკისის ხეობაში დასასვენებლად დადისო, ჩხუბობდა, მაგრამ ძალიან უყვარდა ჩემი ქისტი მეგობრები და მათაც მთელი გულით დაიტირეს. ავღანეთში ბოლოს 2013 წლის მარტში ვიყავი, პროტესტის ნიშნად მობილური გამომირთო, როდემდე უნდა ითამაშო მაგარი ბიჭის როლიო. ჩემს ამბებს ჩუმად ჩემი ცოლისგან იგებდა. არადა, მაგარი ბიჭის როლი რომ არ მეთამაშა, ვიცი, საშინლად არ მოვეწონებოდი. იცოდა, რომ ამ მაგარ ბიჭს პირველ რიგში მისთვის ვთამაშობდი, მაგრამ ეშინოდა. ვმეგობრობდით და ვკინკლაობდით კიდეც. ძნელი იყო ლეილა ბეროშვილის შვილობა, მაგრამ არც ჩემი დედობა იყო ადვილი. მისი გარდაცვალების შემდეგ უკრაინაში, ანუ ომში, პირველად წავედი და ისეთი შეგრძნება მქონდა, დედას გავეპარე, დრო ვიხელთე, რომ გარდაცვლილია და ვეღარ მეჩხუბება, აქ ვეღარ ვიგრძნობდი მის ნერვიულობას და თითქოს სინდისი მქენჯნიდა. დედა და ნაირა გელაშვილი მეგობრობდნენ. დედამ ერთხელ შესჩივლა, პირველად რომ წავიდა, მოვიკალი თავი ტირილით, ნამდვილად მოკლავენო, მეორედ წასვლაზეც ბევრი ვიტირე, პირველად ღმერთმა არ გამწირა, შემთხვევით გადარჩა, ახლა მეორედ ნამდვილად მოკლავენ-მეთქი. მესამედაც რომ დაბრუნდა, ეტყობა, რაღაც იცის, თვითონ გადასარევად გრძნობს თავს და მე ჭკუიდან შევიშალე, წავიდეს მისი ნაგიჟარი ჯიშიცო… დავბრუნდებოდი, ერთს შვებით ამოისუნთქავდა და ეგრევე სახლიდან მაგდებდა, შენს ტრაბახს რა გაუძლებსო. მომენატრა…”, – აცხადებს ქურხული.
მისივე თქმით, მას თავის განსაკუთრებული დამოკიდებულება ქართველი მებრძოლებისადმი არასოდეს დაუმალავს.
“ყველაფერს დრო სჭირდება… ჩემი ბოლო რომანის “თვალდაკარგული ყივჩაღის ჩანაწერები ანუ დეშთი ყიფჩაღის” პირველი 16 გვერდი 1999 წელს არის დაწერილი და 2018 წელს გავაგრძელე, 2020 წელს გამოიცა და 2022 წელს ლიტერატურული პრემიები “ლიტერა” და “ფაზისი” მოიპოვა. კიდევ ერთი რომანის, “სამოთხიდან გაქცეულების”, რომლის მეორე ტირაჟი ახლახან გამოვიდა და 2016 წელს ლიტერატურული პრემია “საბა” მოიპოვა, 2011 წელს დავიწყე წერა და 2014 წლის 31 დეკემბერს გავაგრძელე; ვრცელი მოთხრობა “მკვლელი”, რომელიც აფხაზეთის ომსა და გალელ პარტიზანებზეა, 2013 წელს დავწერე და 5 ენაზეა თარგმნილი, მაგრამ ეს ამბები 1999-2001 წლებში ხდებოდა ანუ 12-15 წლით ადრე… ასე დაწვრილებით იმიტომ მოვყევი, რომ წერას სიჩქარე არ უყვარს. არასდროს დამიმალავს ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება ქართველი მებრძოლებისადმი, აფხაზეთისა და ცხინვალის ომების ვეტერანებისადმი. ზოგიერთ მათგანთან მეგობრობის პატივიც მაქვს, რამდენიმე მათგანი წიგნებშიც მყავს აღწერილი. ხშირად ჩნდება შთაბეჭდილება, თითქოს მათ რომანტიზაციას ვახდენდე და ერთგვარი ლირიკულ-ჰეროიკული დამოკიდებულება მაქვს. ასეც რომ იყოს, მერე რა, მაგრამ მათ არავისი რომანტიზირება არ სჭირდებათ. ვისაც ქართული რწმენისა და ღირსების დაბრუნება სურს, ქართველ მეომრებთან უნდა გაატაროს გარკვეული დრო. მათთან ყოფნისას ვხვდები, რომ არც ისე ცუდად გვაქვს საქმე, როგორც ქართველი პოლიტიკოსების შემხედვარე იფიქრებ. ამაზრზენია მათი გარჩევები და ჭორაობა, მათი ინტრიგებში გარევის მცდელობა, ორღობისა და “ფეისბუკის” ენამორღვეული ლაილაი. უკრაინაში შევხვდით ქართველ მებრძოლებს: ჯაბა ხოფერიას, რომელმაც ირპენში ქართველი მეომრების ადგილი გვაჩვენა; დავით აბულიძეს, მეტსახელად “თუშს”, რომელიც დაჭრილია, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ; ლეგენდარული `აზოვის~ გადარჩენილ მეთაურებს და დამფუძნებლებს: ვადიმ პალიის, ევგენი ბელცკიის, ანდრეი პროკოპენკოს, რომლებიც დიდი სიყვარულით ლაპარაკობდნენ “აზოვის” ასევე თანადამფუძნებელ და სამხედრო ინსტურქტორ გიორგი ქუფრაშვილზე.
საქართველოც, უკრაინაც, მოლდოვაც, ბალტიისპირეთიც, აზერბაიჯანიც და იმედია, მოვა დრო და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიც, ერთ გზას ვადგავართ – რუსეთის დიქტატორული და დეგრადირებული იმპერიისგან საბოლოოდ თავის დაღწევისა და გადარჩენის გზას. სამწუხაროდ, მოსკოვის ულუსის ურდო უსისხლოდ ჩვენს გაშვებას არ აპირებს, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ დანებების ან დამარცხების შემთხვევაში, უარესი გველის, დიდხანს, სამარცხვინოდ და წამებით დაღუპვა. კრემლმა უკვე გამოგვიცხადა ბორტნიკოვის პირით, რომ ვლადივოსტოკიდან და ბურიატიიდან ბრიუსელამდე და ლისაბონამდე არც ისე შორია, როგორც ეს ზოგიერთ დახვეწილ და ფრთხილ ევროპელ პოლიტიკოსს ჰგონიაო. ამიტომ საქართველოსაც და უკრაინასაც ერთი აწმყო და მომავალი გვაქვს – გამარჯვება! “სხვა გზა, სხვა ხსნა არ გაგვაჩნია”, – განაცხადა ბექა ქურხულმა.