სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი დღეს გაიმართება

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 14:00 საათზე არის ჩანიშნული.

სავარაუდოდ, სხდომა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდება.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდადებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

აღნიშნულ საქმეზე ასევე დააკავეს ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე. მათ სააკაშვილისთვის საზღვრის კვეთისას დახმარებას ედავებიან. 20 იანვარს მათ პატიმრობა 5 000-5 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები