მაკა ბოჭორიშვილი: ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ საქართველო ხდება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი

ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ საქართველო ხდება სხვა პოლიტიკის – ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი. ჩვენ უკვე შესაძლებლობა გვეძლევა, ევროკავშირს ვესაუბროთ არა პოლიტიკურ ასოცირებაზე, არამედ გაწევრიანებაზე, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია გადაცემაში „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი.

„ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ? ჩვენ მოკლედ რომ შევხედოთ, სად ვიმყოფებოდით ევროკავშირთან ურთიერთობებში – გვაქვს ასოცირების შეთანხმება, ვართ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პარტნიორი ქვეყანა, მაგრამ ამ ყველაფერს აკლდა ერთი რამ – ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. პოლიტიკა, რომლის მონაწილეც საქართველო იყო ამ დრომდე, არ გულისხმობდა ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას. 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება გულისხმობს, რომ ქვეყანა ევროკავშირთან პოლიტიკურად ასოცირებული უნდა იყოს და მიეცეს ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა, ანუ მაქსიმალურად ახლოს იყოს ევროკავშირთან, თუმცა ამას აკლდა პერსპექტივის ნაწილი. ამიტომ ამ თვალსაზრისით ეს გადაწყვეტილება მართლაც ისტორიულია. დღეიდან საქართველო ხდება სხვა პოლიტიკის – ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი. ჩვენ უკვე შესაძლებლობა გვეძლევა, ევროკავშირს ვესაუბროთ არა პოლიტიკურ ასოცირებაზე, არამედ გაწევრიანებაზე. ეს არის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზად არის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს ქვეყანას, როცა შესასრულებელი პრიორიტეტები დაკმაყოფილდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები