მამუკა მდინარაძე: დღეს „დეპოლარიზაციის“ კლასიკა ვიხილეთ, თუმცა, სინამდვილეში, ეს იყო პოლარიზაციის ხარისხის გაზრდის მცდელობა მძიმე შეურაცხყოფის ფონზე
„ყველა წარმატება ევროპის და ევროინტეგრაციის მიმართულებით ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“ და ახლა ვხედავთ მცდელობას, რომ თან ხელი შეუშალონ და თან საკუთარ თავზე მიიწერონ აქაური პოზიტივი“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენება წარადგინა.
მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს უპასუხა და პრემიერმინისტრის შეფასებებით დაინტერესდა.
„დღეს „დეპოლარიზაციის“ კლასიკა ვიხილეთ. თუმცა, სინამდვილეში, ეს იყო პოლარიზაციის ხარისხის გაზრდის მცდელობა, მძიმე შეურაცხყოფის ფონზე. საოცარი ის არის ხოლმე, როდესაც ლაპარაკობენ, რომ რაღაც პასუხი გაეცა, ამას პასუხს კი არ არქმევენ, ამბობენ, რომ თითქოს თქვენ მიიტანეთ შეტევა. ანუ, თუ გკადრებენ უკადრებელს და შემდეგ პასუხს გასცემ, ეს არის თურმე კადრება, ვითომ შენ დაიწყე ამაზე საუბარი. ძალიან შეშფოთდნენ ერთი მომენტით – ჩვენო რუსებს ვბომბავდითო მაშინო. მე მინდა, თქვენ შეფასება გთხოვოთ, ამაზე კიდევ ერთხელ, იმ რეზოლუციაზე, რომელზეც მე ხშირად ხაზს ვუსვამ ხოლმე და სადაც წერია სიტყვა-სიტყვით „2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიის და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან“. მე-6 პუნქტში ასეთი ფრაზაა – „რუსეთის საპასუხო შეტევამ“ და ამას აკაკი მინაშვილი აწერს ხელს, მხარს უჭერს, დღეს რომ ძალიან გაგვიბრაზდა. ამიტომ, ვეკითხები, ეს ასე იყო თუ ღალატია? მესამე ვერ იქნება და თქვენი შეფასებაც მინდა ამაზე. ასე რომ ყოფილიყო, ეს არ უნდა ეთქვათ, მაგრამ ასე რომ არ იყო და ამას მხარი დაუჭირეს, რა ჰქვია ამას?
და მეორე- რას ვხედავთ მთელი ამ დღეების განმავლობაში: მოცემულობა -ყველა წარმატება ევროპის და ევროინტეგრაციის მიმართულებით ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“. ახლა ვხედავთ მცდელობას, რომ თან ხელი შეუშალონ და თან საკუთარ თავზე მიიწერონ აქაური პოზიტივი. ამ საკითხზეც გვაინტერესებს თქვენი შეფასება“, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.