ირაკლი ზარქუა: 24 ივნისის აქცია, ეს არის “ნაცების” მცდელობა 2
ველოდები, რომ ისევ შეიკრიბებიან, შევიკრიბებით, მათ შორის, ჩვენი მომხრეებიც, შეიძლება – მეც ვიყო, ისევე როგორც წინა აქციაზე ჩვენი ძალიან ბევრი მხარდამჭერი იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ 24 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, თუ 24 ივნისს დამოურჩილებლობის, რევოლუციური სცენარების მცდელობა იქნება, ამას ქართველი ხალხი მხარს არ დაუჭერს და “ვინც ამისკენ გაიწევა, პასუხს აგებს კანონის წინაშე”.
“აქციაზე (21 ივნისს) გაერთიანებული იყვნენ განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანები. ვნახეთ, რადიკალური ოპოზიციისგან მცდელობა იყო სცენაზე ასულიყვნენ, ბანერები აეტანათ და როგორც ჩამოაგდეს იქიდან, ეს სწორი მიდგომა იყო. რა დროს მიშა და “ნაციონალური მოძრაობაა”. ეროვნული თანხმობაა საჭირო, რომ ევროპული პერსპექტივა უფრო ცხადი და ხელშესახები გახდეს.
რას ველოდები – ველოდები, რომ ისევ შეიკრიბებიან, შევიკრიბებით, მათ შორის, ჩვენი მომხრეებიც და ვიტყვით… შეიძლება მეც ვიყო… ისევე, როგორც წინა აქციაზე იყვნენ ჩვენი მხარდამჭერებიც ძალიან ბევრი. ევროპელი მეგობრებისგან ხაზგასმული იყო, რომ მშვიდობიანად ჩატარდა აქცია, რაც არის ნამდვილად ქართული სახელმწიფოს საკადრისი და იმ ღირებულებების დამცველები ვართ, რომლითაც ევროპა დღემდე ამაყობს. მგონია, რომ საქართველო იმსახურებს ევროინტეგრაციას და ამას ხელი თქვენც, ჩვენც, ოპოზიციამ, ყველამ უნდა შევუწყოთ,”- განაცხადა ზარქუამ.