ირაკლი კობახიძე: ოლიგარქის ცნების ქვეშ ბიძინა ივანიშვილი არ მოხვდება, რადგან ის არ არის ჩართული არც პოლიტიკაში და არც მედიის ცხოვრებაში, ეს არის რეალობა
“რა თქმა უნდა, საქართველოში ოლიგარქები არიან – კეზერაშვილი, სააკაშვილი, ხაზარაძე და ჯაფარიძე. პირველი ეს 4 გვარი გვახსენდება, ისინი პოლიტიკაში არიან ჩართულნი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოლიგარქის ცნების ქვეშ ბიძინა ივანიშვილი არ მოხვდება, რადგან ის არც პოლიტიკაში და არც მედიის ცხოვრებაში ჩართული არ არის.
„რაც შეეხება კომისიის რეკომენდაციას დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, ეს პუნქტი ჩაიდო სამივე ქვეყანასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, სახელებსა და გვარებზე საუბარი არის ცარიელი სპეკულაცია. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ შინაარსის მიხედვით – საქართველოში არიან თუ არა ოლიგარქები ჩართული პოლიტიკაში და რა თქმა უნდა, არიან – ეს არის: კეზერაშვილი, სააკაშვილი, ხაზარაძე და ჯაფარიძე. პირველი ეს 4 გვარი გვახსენდება და ისინი არიან ჩართული პოლიტიკაში. მათ აქვთ გავლენა მედიაზე და აქვთ იმ განსაზღვრულ თანხაზე მეტი, რომელიც მითითებულია მაგალითად, უკრაინულ კანონში, შესაბამისად, ჩვენ რომ დავაკოპიროთ უკრაინული კანონი, ეს ადამიანები მოხვდებიან ოლიგარქის ცნების ქვეშ. ბიძინა ივანიშვილი არ მოხვდება მარტივი მიზეზის გამო, ის არ არის ჩართული არც პოლიტიკაში და არც მედიის ცხოვრებაში, ეს არის რეალობა. ოლიგარქები არიან იქით, აქეთ არ არის არცერთი ოლიგარქი“, – განაცხადა კობახიძემ.