საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით, მუხლობრივად განხილვის შემდეგ, მხარი დაუჭირა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთ-ერთი ინიციატორის, დავით სონღულაშვილის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს გარკვეულწილად შეუმსუბუქებს საგადასახადო ტვირთს ქონების გადასახადის ნაწილში.

უწყების ინფორმაციით, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ პანდემიაზე შესაბამისი რეაგირების მიზნით, გარკვეული ვადით შეზღუდული იყო რიგი უფლებები, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, რამაც განაპირობა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით, ცალკეული ღონისძიებების გატარების აუცილებლობა.

კერძოდ, გარკვეული გადასახადების გადახდის გადავადება და სხვა საგადასახადო შეღავათების დაწესება.

„სწორედ აღნიშნული მიზნის მიღწევას ემსახურება პროექტის მომზადებაც, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების შემდგომ ხელშეწყობას“, – განაცხადა მომხსენებელმა.

დღესვე, დეპუტატებმა კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები მიმოიხილეს.

ჯგუფის ხელმძღვანელის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ჩატარდა 5 სხდომა, განიხილეს 17 ანგარიში და 134 რეკომენდაცია.

„ასეთი ვალდებულება არ გვქონია, მაგრამ ყველა ის ანგარიში განვიხილეთ 100%-ით, რაც მოწოდებული იყო“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები დაამტკიცა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს თემაზე, თუ როგორ შეიძლება ბუღალტრული აღრიცხვის, საფინანსო აღრიცხვის კონტროლის გაუმჯობესება იმ ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებში, რომელთაც სახელმწიფო აუდიტი ამოწმებს.

„ეს, უპირველეს ყოვლისა, ალბათ, არის იმ სამთავრობო უწყებების საქმე, სადაც ეს ინსტიტუტები არიან დარეგისტრირებული, მათი კონტროლი ხორციელდება, მაგრამ ჩვენი კომიტეტის ვალდებულება არის საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება და რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგის წარმოება“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები