პარლამენტმა „საინვესტიციო ფონდების შესახებ” კანონში ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა

დეპუტატებმა პირველი მოსმენით განიხილეს და 77 ხმით დაუჭირეს მხარი პლენარულ სხდომაზე „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და „საინვესტიციო ფონდების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტებს.

საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის, ბეჟან წაქაძის, ირმა ზავრადაშვილის, რამინა ბერაძის, ნინო წილოსანისა და გოჩა ენუქიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები დეპუტატებს ეკა სეფაშვილმა გააცნო.

მომხსენებლის განმარტებით, ცვლილებები მიზნად ისახავს საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარებისათვის ხელისშეწყობას და საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას. ცვლილებების თანახმად, სახელმწიფოს საინვესტიციო ფონდში მონაწილეობის უფლება იმ დათქმით ენიჭება, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფოს გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის საშუალება არ ექნება. მისივე თქმით, სახელმწიფო ფონდში გადამწყვეტი ხმის უფლების გარეშე მიიღებს მონაწილეობას. საკანონდებლო ცვლილებებით, სახელმწიფო ორგანოებს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება საინვესტიციო ფონდში წილობრივი თანამონაწილეობა შეეძლებათ, საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი პირობების საფუძველზე.
ასეთ საინვესტიციო ფონდში წილობრივი თანამონაწილეობის მქონე სახელმწიფო ორგანოებს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, აეკრძალებათ საინვესტიციო ფონდში წილობრივი მონაწილეობა გარდა მინორიტარული წილობრივი მონაწილეობისა, საინვესტიციო ფონდში რაიმე სახის პრივილეგირებული ხმის უფლებით სარგებლობა, საინვესტიციო გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა და საინვესტიციო ფონდისათვის კანონის კონკრეტული ნორმებით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულება.

„ფონდებში სახელმწიფოს მონაწილეობა არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო მიიღებს გადაწყვეტილებას პორტფელის ან რისკების მართვაში და მისი მონაწილეობა სხვა ბიზნესებისთვის იქნება წამახალისებელი და მეტ ინვესტორს გაუჩნდება უფრო მყარი ნდობა იმ ფონდებისადმი, სადაც სახელმწიფო მონაწილეობს, რომ დააბანდოს კაპიტალი.

მსოფლიო ეკონომიკის განვითარების გამოცდილება ბოლო 20 წლის განმავლობაში, გლობალური ფინანსური თუ ეკონომიკური კრიზისების მართვა და კრიზისიდან გამოსვლის გამოცდილება ცხადყოფს, რომ როდესაც ბაზარს ჩავარდნები აქვს, მაშინ აქტიურად ერევა სახელმწიფოდა ბაზრის ჩავარდნებს ასწორებს იქ, სადაც საჭიროა”,- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები