გიორგი ცუცქირიძე – „ევროკავშირიდან შემოსული ინვესტიციების ხვედრითი წილი ყოველწლიურად იზრდება“
ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, მთლიან ინვესტიციებში ევროკავშირიდან შემოსული ინვესტიციების ხვედრითი წილი ყოველწლიურად იზრდება. ამის შესახებ ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„მას შემდეგ, რაც პირველი კვარტლის პირობითი შეფასება გამოქვეყნდა, ინვესტიციების ზრდის მაჩვენებელი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელში პირდაპირ მონაწილეობს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პირველ კვარტალში სარეკორდოდაა გაზრდილი, დაახლოებით, 4,4 -ჯერ, რაც მაღალი რიცხვია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – 2019 წელთან შედარებითაც გაზრდილია, არათუ – გასულ წელთან. 2019 წელთან შედარებით 79 %-ითაა გაზრდილი. ზოგადად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სტრუქტურულად რომ შევაფასოთ: გაზრდილია როგორც რეინვესტირების მაჩვენებელი, ისე ინვესტიციები კაპიტალში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რეინვესტირების მაჩვენებლის ზრდა ნიშნავს იმას, რომ ინვესტორებს დივიდენდი არ გააქვთ და ფულს ქართულ ეკონომიკაში ტოვებენ. ანუ მოლოდინი პოზიტიურია.
ინვესტიციებზე გითხარით, რომ სარეკორდო ზრდა არის. უნდა ვთქვათ, რომ თითქმის ნახევარი ევროკავშირიდან ინვესტიციებზე მოდის. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ევროკავშირში ჩვენს პერსპექტივაზე ვსაუბრობთ. მთლიან ინვესტიციებში ევროკავშირიდან შემოსული ინვესტიციების ხვედრითი წილი ყოველწლიურად იზრდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ევროკავშირიდან ინვესტიციები, ძირითადად, საშუალო და მაღალტექნოლოგიურ დარგებში შემოდის, ეს ჩვენი ეკონომიკისთვის კიდევ ერთი დამხმარე ინდიკატორი და ბერკეტია, რომ უფრო მეტად დამატებული ღირებულება შევქმნათ, რაც საბოლოოდ ეკონომიკურ ზრდაში პირდაპირ აისახება“, – განაცხადა ცუცქირიძემ.