მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გვითხრა, რომ უნდა ვცადოთ ერთად მუშაობა იმ საკითხებზე, რაც ქვეყნის მომავალს და ევროკავშირში ინტეგრაციას სჭირდება
„ამ მნიშვნველოვან მომენტში ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გვითხრა, რომ ერთმანეთის პატივისცემა უნდა ვისწავლოთ, ვცადოთ ერთად მუშაობა იმ საკითხებზე, რაც ქვეყნის მომავალს და ევროკავშირში ინტეგრაციას სჭირდება. ჩვენ არავინ გვთხოვს ყველაფერში დავეთანხმოთ ერთმანეთს, მაგრამ ამ ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავლისთვის, იქნებ შევძლოთ ზიზღის და სიძულვილის გარდაქმნა კონსტრუქციულ, საქმეზე ორიენტირებულ კრიტიკად და ხშირად დესტრუქციული და არაფრის მომცემი ინიციატივების ჩანაცვლება იმ ინიციატივებით, რაც რეალურად დაეხმარება ამ ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას”,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ძლიერი ინსტიტუტების გარეშე ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე წარმატება წარმოუდგენელია. მისივე თქმით, ამ ფონზე, ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებები, რაც ბოლო დღეებში ოპოზიციის მხრიდან ისმის, სრულიად ეწინააღმდეგება ბრიუსელიდან მიღებულ გზავნილს. „იქნებ ვცადოთ, სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების პატივისცემა, ნაცვლად მათი ფეხ ქვეშ თელვის მცდელობებისა.
ძლიერი ინსტიტუტების გარეშე ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე წარმატება წარმოუდგენელია. იქნებ ვცადოთ და ის სულისკვეთება, რომლის გამოხატვასაც შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ 100 დღე ველოდეთ ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან, ვიპოვოთ ამ შენობაში. ამ ფონზე, ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებები, რაც ბოლო დღეებში გაისმა სრულიად ეწინააღმდეგება იმ გზავნილს, რაც ბრიუსელიდან მივიღეთ.
ახლა არ არის ხელისუფლების და ხალხის ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობების დრო, არც ერთმანეთისკენ ხელის გაშვერის და იმ ამომრჩეველს შეურაცხყოფის, რომელიც დგას თითოეული ჩვენგანის უკან. ამ უმნიშვნელოვანეს მომენტს საქართველოს ისტორიაში სათანადო შეფასება და პოლიტიკურ პროცესებში მეტი პასუხისმგებლობით ჩართულობა ჭირდება”,-განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.