დიმიტრი ტორაძე – „თიბისი ბანკი არ აპირებს ხაზარაძე-ჯაფარიძის თაღლითობაზე რეაგირებას, რის გამოც სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ და 30 მილიონი დავუყადაღეთ“

სასამართლომ „თიბისი ბანკის“ აქციონერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბანკიდან დივიდენდის სახით მისაღები 30 მილიონამდე ლარი დაუყადაღა. სასამართლო განჩინება „თიბისი ბანკის“ ბრიტანელი აქციონერის, იან მალქოლმ ჰოქის ადვოკატმა, დიმიტრი ტორაძემ ბანკის ადმინისტრაციას ოთხშაბათს, 21 ივნისს გადასცა. ამის შესახებ ადვოკატმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ავთანდილ წერეთლისა და კომპანიების „სამგორი M“ და „სამგორი თრეიდის“ წინააღმდეგ სარჩელს შეეხებოდა.

როგორც ადვოკატმა დიმიტრი ტორაძემ განაცხადა: „ბრიტანელი აქციონერი „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ ზემოხსენებული პირებისა და კომპანიების მხრიდან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით, უკვე $50 მლნ–ს აჭარბებს. „თიბისი ბანკი არ აპირებს ხაზარაძე-ჯაფარიძის თაღლითობაზე რეაგირებას, რის გამოც სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ და 30 მილიონი დავუყადაღეთ.“

„პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი სარჩელის ძირითადი მოთხოვნებია მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ავთანდილ წერეთლისა და კომპანიების „სამგორი M“ და „სამგორი თრეიდისთვის“ სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ 16 664 000 აშშ დოლარის და მიუღებელი შემოსავლის სახით 14 წლის განმავლობაში დასარიცხი პროცენტის დაკისრება“, – განაცხადა დიმიტრი ტორაძემ.

ადვოკატის თქმით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მისაღებ დივიდენდებზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ნიშნავს, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე მოპასუხეებს ეზღუდებათ ამ დივიდენდებზე წვდომა – მიღება და განკარგვა. ეს გადაწყვეტილება აუცილებელ პირობად მიაჩნია დიმიტრი ტორაძეს, რადგან მოპასუხეებმა სხვის სახელზე არ გადააფორმონ საკუთარი აქტივები და ამით არ სცადონ სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდება. ადვოკატმა ისიც აღნიშნა, რომ თიბისი ბანკისგან წერილზე პასუხი, რომელშიც ბანკის სასარგებლოდ ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა, 2 თვეზე მეტი ხნის დაგვიანებით მიიღო და ამ პასუხში ვერ დაინახა რა სამართლებრივი პროცედურები განახორციელა ბანკმა, რას ახორციელებს და მომავალშიც აპირებს თუ არა ისეთი სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელებას რომელიც განუხრელად დაიცავდა საკუთრის ბანკის და მისი აქციონერების ინტერესებს.

ადვოკატის აზრით, ბანკის ასეთი პასუხი პირდაპირ მიანიშნებს, რომ „თიბისი ბანკი“ და საქმის დანარჩენი ფიგურანტები ერთი სქემით მოქმედებენ, რაც საფრთხეს უქმნის საფინანსო ინსტიტუტის აქციონერების კანონიერ ინტერესებს. დიმიტრი ტორაძემ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, რომელიც არაერთი სხვა კომპანიის აქციების მფლობელია, სრული უფლება აქვს მოითხოვოს ბანკისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება, რაც ბანკის იმიჯს და აქციონერების შემოსავლებს სამომავლოდ აუცილებლად გაზრდის. ადვოკატის თქმით, ამ საქმის წარმოებით იან მალქოლმ ჰოქი მატერიალურის გარდა არამატერიალური დივიდენდების მიღებასაც შეძლებს და რომ დღეს უკვე ბევრ სხვა აქციონერთან აქვს კომუნიკაცია, რომელთა საერთო ინტერესების დაცვასაც ბრიტანელი აქციონერი ცდილობს.

ცნობისთვის, ხაზარაძე–ჯაფარიძის საქმის მასალების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში, ავთანდილ წერეთლის მიერ დაფუძნებულმა შპს „სამგორი თრეიდმა” და შპს „სამგორი M”-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან” სესხის სახით მიიღეს 16 664 000 აშშ დოლარი. იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე, მიუხედავად იმისა, რომ სესხი თითქოსდა ბიზნესის ბრუნვისთვის იყო მოთხოვნილი. 2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M”-სა და „სამგორი თრეიდს” სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა” სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე. მილიონების დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში. ამ კომპანიამ მიიღო უფლება, მოეთხოვა ფული ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან. კომპანიებს „სამგორი M”-სა და „სამგორი თრეიდს“ კრედიტი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 იანვარს გამოცხადებული განაჩენით, „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო ჯგუფურ თაღლითობაში და სასჯელის სახით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7-7 წლით.

ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ხაზარაძე და ჯაფარიძე საპატიმრო სასჯელს არ მოიხდიან, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო.ამავე მოტივით, მოსამართლემ 7-წლიანი სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დახმარებისთვის ბრალდებული ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები