საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვიდეორგოლს არაბული ავიაკომპანიის მგზავრები გაეცნობიან
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საუდის არაბეთის ავიაკომპანიის – Flynas წარმომადგენლებს მასპინძლობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაცნობითი ტურის ფარგლებში, ავიაკომპანიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ ადგილებს მოინახულებენ. დაგეგმილია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეორგოლის მომზადება, რომელიც ავიაკომპანიის ვებგვერდზე განთავსდება.
ტურის მონაწილეები თბილისს, სტეფანწმინდას, მარტვილსა და ბათუმს ეწვევიან. მოინახულებენ პეტრას ციხეს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, მახუნცეთის ჩანჩქერსა და აჭარაში მდებარე თაღოვან ხიდებს.
ინფოტურის მიზანია საუდის არაბეთში საქართველოს ტურისტული ცნობადობის გაზრდა და ტურისტული ნაკადების მოზიდვა. ავიაკომპანია Flynas საუდის არაბეთის ქალაქებიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ასრულებს რეისებს.