რა საკითხები განიხილა ზელენსკიმ ჯონსონთან – უკრაინის პრეზიდენტის ოფისი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან, ბორის ჯონსონთან კიევისთვის მძიმე იარაღის, საჰაერო თავდაცვის სისტემების, ეკონომიკური მხარდაჭერისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხები განიხილა.
ამის შესახებ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„დღეს, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ოფისისა და სამთავრობო გუნდთან ერთად, ჩვენს კარგ მეგობარს და მოკავშირეს, ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ბორის ჯონსონს შევხვდით.
ბორისთან განვიხილეთ მძიმე იარაღისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების აუცილებლობა, უკრაინის ეკონომიკური მხარდაჭერა, რუსეთზე სანქციათა ზეწოლა, კერძოდ, მაკფოლ-ერმაკის საერთაშორისო ჯგუფის წინადადებები, ასევე, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები”, – დაწერა ერმაკმა.
ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი კიევში დღეს ჩავიდა.