მადრიდის ზოოპარკიდან მილიონზე მეტი ევრო დაიკარგა

გაზეთ „Mundo“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის ადგილობრივი ზოოპარკის „Zoo Aquarium” -ის ორი თანამშრომელი ერთ-ერთი სალაროდან ყიდდნენ ბილეთებს, რომელთა აღრიცხვაც არ ხდებოდა.  პოლიციის ცნობით, საერთო ჯამში დამნაშავეებმა 1 168 147 ევრო მოიპარეს. ერთ-ერთი დაკავებული მოლარე იყო, მეორე კი,  კომპიუტერული უზრუნველყოფის სპეციალისტი. სწორედ მან ოპერატიული სისტემის კოდები ისე გატეხა, რომ  გაყიდული ბილეთების რეგისტრაცია არ ხდებოდა.  გარდა ამისა, დამნაშავეები საბანკო ბარათების წამკითხველი პორტატული ტერმინალებიდან თანხებს პირდაპირ თავიანთ ანგარიშზე რიცხავდნენ. ეჭვმიტანილებს (ორივე ესპანელია –  ერთი 30 წლის, მეორე  – 55 წლის) ბრალს დოკუმენტების გაყალბების, მაქინაციების და ფულის უკანონოდ მითვისებისთვის წაუყენებენ.
დამნაშავეების დაკავება მათი ერთ-ერთი კოლეგის ანონიმური ზარის წყალობით გახდა შესაძლებელი, რომელსაც სალაროში არასაკმარისი თანხის არსებობის ეჭვი გაუჩნდა. გამოძიების შედეგად, პოლიციამ  მაქინაციის სქემა გაშიფრა და დამნაშავეებზე გასვლა მოახერხა. ეჭვმიტანილებმა უკვე აღიარეს დანაშაული და პოლიციას შეატყობინეს, რომ თანხის ნაწილი სეიფში აქვთ შენახული და მზად არიან, უკან დააბრუნონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები