კულტურის სამინისტრომ კონკურსის – „დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის,,დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეს პროექტებია
„1. „ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარი „წითელი ფეხსაცმელები“, განმახორციელებელი შპს „თანამედროვე ქართული თეატრი“.
დაფინანსდა სპექტაკლის „წითელი ფეხსაცმელები“ წარმოდგენა იმერეთში – ვანსა და სოფელ სალხინოში; რაჭა- ლეჩხუმში – სოფელ ბარდნალასა და ლაილაშში; სამეგრელოში – სოფელ ხეთასა და ხამისქურში; აჭარაში – ქედასა და სოფელ მახუნცეთში; გურიაში – სოფელ ამაღლებასა და სოფელ ხიდისთავში. სპექტაკლები გაიმართება ღია ცის ქვეშ. აღსანიშნავია, რომ „წითელი ფეხსაცმელები“ შეიქმნა სპეციალურად მოზარდ მაყურებელთა თეატრისათვის, შეტანილია მის რეპერტუარში და სპექტაკლში მონაწილეობენ მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები.
2. „რუსთაველის ეროვნული თეატრის გასტროლი საქართველოს რეგიონებში, სპექტაკლებით ,,ძუნწი” და ,,თამაშის დასასრული“, განმახორციელებელი სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი.
დაფინანსდა რეჟისორ გოჩა კაპანაძის სპექტაკლის „ძუნწი“ ჩვენება ონში, ამბროლაურში, ცაგერში, ზუგდიდში, სენაკსა და მესტიაში. ასევე, რეჟისორ რობერტ სტურუას სპექტაკლის „თამაშის დასასრული“ გამართვა გორში. სპექტაკლები გაიმართება მუნიციპალიტეტების კულტურის ცენტრებსა და სახელმწიფო თეატრებში.
3. „სოხუმის თეატრის გასტროლები სენაკსა და ბათუმში“, განმახორციელებელი სსიპ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.
დაფინანსდა რეჟისორ გოჩა კაპანაძის სპექტაკლის „მთვარის მოტაცება“ ჩვენება 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. ააევე, 28 სექტემბერს, რეჟისორ დავით საყვარელიძის სპექტაკლის „სტუმარი“ წარმოდგენა ბათუმში ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში.
4. სპექტაკლი „მატყუარა“, განმახორციელებელი სსიპ სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი „თეთრი ტალღა“.
დაფინანსდა რეჟისორ გიორგი ქაჩიბაიას სპექტაკლის „მატყუარა“ გამართვა და შემეცნებითი ლექციების ჩატარდება მესტიისა და ჭუბერის კულტურის ცენტრებში.
5. ,,ქორეოგრაფიული ჩანახატები“ რეგიონებში“, განმახორციელებელი ა(ა)იპ„ქორეოგრაფიის ახალი პროფესიული თეატრი“.
დაფინანსდა საბალეტო სპექტაკლის „ქორეოგრაფიული ჩანახატები“ გამართვა რაჭაში, ამბროლაურის კულტურის სახლში და იმერეთში, საჩხერის ისტორიულ თეატრში. წარმოდგენაში მონაწილეობენ საბალეტო დასის პროფესიონალი მოცეკვავეები და მსახიობები. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია გვანცა ლაზარაშვილი.
6. სპექტაკლი „უჩინმაჩინის ქუდი“ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში“, განმახორციელებელი სსიპ ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.
დაფინანსდა სპექტაკლის „უჩინმაჩინის ქუდი“ (გიორგი ერისთავის პიესის მიხედვით) გამართვა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში, კერძოდ: წალკაში, გარდაბანში, სართიჭალაში, მარტყოფში, თეთრი წყაროსა და მარნეულში. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია გოჩა კაპანაძე. სპექტაკლები გაიმართება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში.
7. „ჩრდილების თეატრის გასტროლი მცხეთის, დუშეთისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების სოფლებში“, განმახორციელებელი სსიპ ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრი „აფხაზეთი“.
დაფინანსდა ჩრდილების თეატრის წარმოდგენის, ვორკშოფის გამართვა და ფილმის „იაკობ გოგებაშვილი“ ჩვენება ბოლნისის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში, დუშეთის მუნიციპალიტეტის 3 სოფელსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში.
8. „თეატრო თერაპია“, განმახორციელებელი შპს „ბესო კ და კომპანია“.
დაფინანსდა თითების თეატრის ორი თეატრალური წარმოდგენის „ექსტრავაგანსა“ და „თამაში მაგიდასთან“ ჩვენება მცხეთაში, წეროვანში, ნატახტარში, საგურამოში, ასურეთში, ქვემო თელეთსა და კუმისში.
ჩვენებები განხორციელდება „მოძრავი თეატრის“ მეშვეობით. ეს გახლავთ სამგზავრო მიკროავტობუსი, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით (კულისები, ხმა, განათება) და მისი უკანა კარების გაღების გზით ღია სივრცისათვის განკუთვნილი თეატრალური ,,სცენა” იქმნება.
9. „თეატრი ათონელზე“ 2022 წლის გასტროლი“, განმახორციელებელი ა(ა)იპ„თეატრი ათონელზე“.
დაფინანსდა რეჟისორ გეგა გაგნიძის სპექტაკლის „შავი ფრინველი“ და რეჟისორ ქეთი დოლიძის სპექტაკლის ,,დილა მშვიდობისა ასდოლარიანო” ჩვენებები ოზურგეთში, სენაკსა და ბათუმში.
10. „თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის საგასტროლო ტურნე რეგიონებში“, განმახორციელებელი სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება.
დაფინანსდა რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლის „იავნანამ რა ჰქმნა“ ჩვენება 10 მუნიციპალიტეტში. კერძოდ: ტყიბულის, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის კულტურის ცენტრებში და ჩაქვში, ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმში. სპექტაკლის შექმნის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული საბავშვო ფსიქოლოგები. სპექტაკლი ინტეგრირებულია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და ი.გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა“ – ს სრულიად ახლებურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. წარმოდგენა მრავალფეროვანია მუსიკალური გაფორმებითა და გამომსახველობითი, მხატვრული ხერხების ორიგინალური სინთეზით.
11. „მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეგიონული გასტროლი 2022“, განმახორციელებელი სსიპ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი.
დაფინანსდა სპექტაკლის „არ დამივიწყო“ (რევაზ მიშველაძის ნოველების მიხედვით) ჩვენება ოზურგეთში, ხელვაჩაურში, ქედასა და ურეკში; სპექტაკლის „თქვენთანაც აბრახუნებენ“ (ალექს ჩიღვინაძის პიესის მიხედვით) ჩვენება ბორჯომში, ახალციხესა და ასპინძაში; მუსიკალური წარმოდგენის „გვესტუმრეთ ზღაპართა სამყაროში“ გამართვა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ალვანში, ოჟიოში, მატანსა და ზემო ხოდაშენში. წარმოდგენები გაიმართება ღია ცის ქვეშ.
კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 250 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს მომართა 11-მა განმცხადებელმა. გამარჯვებული 11 პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 69 ლოკაციაზე გაიმართება 73 წარმოდგენა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.