გია ცაგარეიშვილი: თუ ვინმე აკეთებს რუსულ საქმეს, მათ შორის, საქართველოში, აკეთებს არახამია, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის დღეს დგას ისტორიული მომენტი
იშვიათობაა, ადამიანი ასე მტრობდეს თავის ისტორიულ სამშობლოს, როგორც არახამია მტრობს საქართველოს. თუ ვინმე აკეთებს რუსულ საქმეს, მათ შორის, საქართველოში, პირველ ყოვლისა, აკეთებს არახამია, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენთვის, ისევე, როგორც უკრაინისა და მოლდოვისთვის დღეს დგას ისტორიული მომენტი, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის, დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები გვერდს უვლიან დასავლურ სანქციებს და ამისთვის ქართულ ორგანიზაციებს იყენებენ.
ცაგარეიშვილის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, ეს ადამიანი და მისი კოლეგები უკრაინის მთავრობიდან მუდმივად ავრცელებენ სიყალბეს
მისივე თქმით, ვერცერთ მტკიცებულებას ვერ მოიტანენ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო თავს არიდებს სანქციებს და ცივილიზებული სამყაროს ზურგს უკან თანამშრომლობს რუსეთის ფედერაციასთან და მის მთავრობასთან.
„ახლა, როცა, ფაქტობრივად, ევროკავშირის კარიბჭესთან ვდგავართ, ტომით ქართველი ადამიანი პირდაპირ, სიძულვილით სავსე ბრალდებებს აფრქვევს, მტკიცებულებების გარეშე, მტრობს თავის ისტორიულ სამშობლოს. თუ ვინმე აკეთებს რუსულ საქმეს, მათ შორის საქართველოში, პირველ ყოვლისა, აკეთებს არახამია, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენთვის, ისევე, როგორც უკრაინისთვის და მოლდოვისთვის დღეს დგას ისტორიული მომენტი, როცა შეუქცევადად უნდა დავადგეთ გზას ევროკავშირისკენ, ევროატლანტიკური ღირებულებისკენ. ამ ისტორიულ მომენტში, ფქტობრივად, დღეს იმიტომ, რომ ხვალ იკრიბება კომისია და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ამგვარი სიცრუის, სიყალბის გავრცელება არის მტრობა, სიძულვილი, ქვეყნების ურთიერთწაკიდება. ყველა ამგვარ ბრალდებაზე იქნება შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.