კულტურის სამინისტრო მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილს იუბილეს ულოცავს

დღეს ცნობილ ქართველ დირიჟორს, ზაზა აზმაიფარაშვილს 60 წელი შეუსრულდა. კულტურის სამინისტრო იუბილეს ულოცავს მას და ინფორმაციას აქვეყნებს.
ზაზა აზმაიფარაშვილმა 1985 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი, 1991 წელს კი – სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტურა, საოპერო-სიმფონიური დირიჟორის სპეციალობით;
1985-2004 წლებში დირიჟორობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს სიმფონიურ ორკესტრს;
სხვადასხვა პერიოდში იყო რუსეთის სახელმწიფო აკადემიური დიდი სიმფონიური ორკესტრისა და სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიის აკადემიური სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი.
ზაზა აზმაიფარაშვილი 2001 წელს მიიწვიეს ესპანეთში, სადაც Teatre Principal-ის სცენაზე, პიეტრო მასკანის ოპერას „სოფლის ღირსებას“ უდირიჟორა. 2005 წელს, მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართულ კონცერტზე, უდირიჟორა რუსეთის დიდ სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს, სადაც სოლისტი ელისო ვირსალაძე გახლდათ.
ზაზა აზმაიფარაშვილი 2004-2009 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, შემდეგ – საპატიო დირიჟორი, 2016 წლიდან კი მთავარი დირიჟორია; აქ მისი დირიჟორობით არაერთი ოპერა დაიდგა: ჯუზეპე ვერდის „მაკბეტი“, „აიდა“, „ტრუბადური“, „ნაბუკო“, „ატილა“, ლეონკავალოს „ჯამბაზები“, თაქთაქიშვილის „მინდია“, პუჩინის „ტურანდოტი“, ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“; განხორციელებული აქვს 28 საოპერო პრემიერა; 1980 წლიდან თანამშრომლობს არაერთ ქართველ საოპერო ვარსკვლავთან, მათ შორის იყვნენ და არიან: ზურაბ სოტკილავა, მაყვალა ქასრაშვილი, ცისანა ტატიშვილი, ბადრი მაისურაძე, გიორგი გაგნიძე, მაია თომაძე, ლადო ათანელი; მას შემოქმედებითი თანამშრომლობა აკავშირებს მსოფლიოში სახელგანთქმულ უცხოელ შემსრულებლებთან, რომელთა შორის არიან: ალესანდრა მარკი, სამუელ ესტესი, ფერუჩო ფურლანეტო, დმიტრი ხვოროსტოვსკი, ქრისტიან იოჰანსონი, ანდრეა როსტი, და სხვანი.
ზაზა აზმაიფარაშვილი სერგეი პროკოფიევის სახელობის მეორე საერთაშორისო კონკურსის მეორე პრემიის მფლობელია; 1991 წლიდან დღემდე მოღვაწეობს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრაზე, არის სრული პროფესორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები