ტრისტან წითელაშვილი: 20 ივნისს დანიშული აქცია საფრთხეებს შეიცავს, დაგეგმილია პროვოკაციები

სამხედრო ექსპერტის, ტრისტან წითელაშვილის განცხადებით, 20 ივნისს დანიშნულ აქციაზე პროვოკაციებია დაგეგმილი. ამის შესახებ წითელაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„მინდა, საქართველოს მოსახლეობას მივმართო და 20 ივნისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მივაწოდო. აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილიამ“ დააანონსა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მინდა, გითხრათ, თუ რა საფრთხეებს შეიცავს 20 ივნისის აქცია და რა პროვოკაციებია დაგეგმილი „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, „სირცხვილიას“ ორგანიზებით.

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დღიდან საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ყოველთვის ძალადობრივ პოლიტიკას ახორციელებდა. 2012 წელს ისინი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ პოლიტიკურ სანაგვეზე გაისტუმრა, მაგრამ სააკაშვილის ხელმძღვანელობით კვლავ გააგრძელეს საქართველოში არეულობის ფონის შექმნა, საბოტაჟი. სახელმწიფო გადატრიალების არაერთი მცდელობა იყო. მათ შორის, 2020 წლის 20 ივნისი, როცა მათი ორგანიზებით პარლამენტის შტურმი ხდებოდა.

ახლა, 20 ივნისს დაგეგმილია პროვოკაცია. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ და „სირცხვილია“ აქციაზე საზოგადოების დიდი ნაწილის თავმოყრას მოახერხებენ და პოლიტიკურ ტემპერატურას მაქსიმალურად აწევენ, ამ შემთხვევაში პროვოკაციაა დაგეგმილი. ეს პროვოკაცია რას გულისხმობს: იქნება ეტაპობრივად, რაღაც დოზირებით პოლიციასთან დაპირისპირება, რაც შემდეგ სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზრდება. მათ მომიტინგეებს შორის პროვოკატორთა ჯგუფები ეყოლებათ. გვაქვს ინფორმაცია, არ არის გამორიცხული, რომ პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეჯახების დროს, რომელიმე მომიტინგის, ან პოლიტიკური ცნობადი სახის ლიკვიდაცია მოხდეს, რასაც საქართველოს ხელისუფლებას დააბრალებენ. ყველას გვინდა, ევროპის წევრი გავხდეთ, ყველა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ველოდებით. „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, რომ იმ ფორმებით რასაც იყენებს, ეს ყოველივე ჩააგდოს და ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოახდინოს, მაგრამ ამას ვერ განახორციელებს. მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო, რომ ამ მიტინგზე არ მივიდნენ. მიტინგი მოიცავს არა პროტესტს და არა იმის მოლოდინს, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, არამედ ის ორგანიზებულ პროვოკაციას მოიცავს, მათ გეგმაში აქვთ, დაამხონ ხელისუფლება და პრემიერი გადააყენონ. მივმართავ შსს-ს, სუს-ს, ყველა სპეცსამსახურს ვითარება მაქსიმალურ კონტროლზე აიყვანონ. უკრაინიდან ჩამოსულები არიან ჯგუფები, კუნთმაგარი ბიჭები, რომლებიც დღეს უკრაინის თავისუფლებას უნდა იცავდნენ, მაგრამ, აქ ლტოლვილის სტატუსით არიან, რათა „ნაციონალურ მოძრაობას“ გვერდში დაუდგნენ და ერთობლივად რევოლუცია მოახდინონ“, – განაცხადა წითელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები