საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანება არ შეიძლება იყოს მეზობელი ქვეყნების – უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს სტაბილურობის ერთადერთი პასუხი.
„უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ეს არის პროცესი, რომელიც სამართლიანად მომთხოვნია და ჩვენ ასევე უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ევროპის გამარტივება, რათა ის უფრო ეფექტური იყოს“, – აღნიშნა მაკრონმა მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ფართო ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შექმნის მნიშვნელობას, რომელიც ითანამშრომლებს ისეთ ძირითად საკითხებზე, როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება.
როგორც CNN-ი წერს, ევროკავშირის ლიდერები ივნისის ბოლოს ბრიუსელში შეიკრიბებიან, სადაც უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს კანდიდატურების განაცხადებს განიხილავენ. ეს იქნება ევროკავშირის ბოლო სამიტი, რომელიც საფრანგეთის თავმჯდომარეობის დროს გაიმართება.
„ჩემი როლი არის კონსენსუსის მიღწევა“, – აღნიშნა მაკრონმა.
მისივე თქმით, საფრანგეთმა ასევე მიიღო ინიციატივა უხელმძღვანელოს მოლდოვას მხარდაჭერის ევროპულ პლატფორმას, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანას 650 მილიონი ევროს (675 მილიონი აშშ დოლარი) დახმარებას ჰპირდება.