ირაკლი კობახიძე: ეკა გიგაური 20 წელია, ბრეჟნევივით არის ერთი და იმავე „ენჯეოს“ ხელმძღვანელი

გიგაურის ეს განცხადება ვიღაცას აძლევს იმის თქმის საბაბს, რომ დასავლეთია დაინტერესებული მეორე ფრონტით. 20 წელია, ბრეჟნევივით არის ერთი და იმავე „ენჯეოს“ ხელმძღვანელი და იღებს დაფინანსებას ერთი და იმავე წყაროდან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი განცხადებები მეორე ფრონტის შესახებ აზრის მომწიფებას ემსახურება.

„წაგიკითხავთ ტექსტს, თავად შეგიძლიათ, განსაჯოთ, რას ამბობდა ეკა გიგაური მაშინ და როგორ იხევს ახლა უკან. ეკა გიგაური: „რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, იქ არ ჰყოფნის რესურსი, ამიტომ, ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობების ფანჯარა გამოვიყენოთ“. ეს არის ციტატა და ახლა ამბობს, რომ სხვა რამეს ამბობდა. საზოგადოებას ახსოვს ყველაფერი და არაფერი ავიწყდება, მით უმეტეს, რომ ვერც „ფეისბუქიდან“ და ვერც მედიასაშუალებებიდან ამ ყველაფერს ვერ წაშლი. რასაც ამბობდა მაშინ, ახლა იმას უარყოფს და საზოგადოება ხედავს, რა იყო მისი განცხადებების შინაარსი. პირდაპირი აზრის მომწიფების მცდელობა იყო ის, რასაც ამბობდნენ გიგაური, უსუფაშვილი, მარგველაშვილი. ჭიაბერაშვილმა გააგრძელა ეს ყველაფერი და ასე შემდეგ. მედიასაშუალებები პირდაპირ ხსნიდნენ იმას, თუ როგორ შეუძლია საქართველოს ცხინვალისა და სოხუმის აღება. ეს იყო მათი რიტორიკა, აზრის მომწიფების მცდელობა, რაც ჩაუვარდათ. ახლა გასაგებია, რომ გიგაური უკან იხევს, რადგან აზრის მომწიფება არ გამოუვიდა, თუმცა საზოგადოებას აბსოლუტურად ყველაფერი ახსოვს. არსებობს ლოგიკური ჯაჭვი, გიგაურის ეს განცხადება ვიღაცას აძლევს იმის თქმის საბაბს, რომ დასავლეთია დაინტერესებული მეორე ფრონტით. 20 წელია, ბრეჟნევივით არის ერთი და იგივე „ენჯეოს“ ხელმძღვანელი და იღებს დაფინანსებას ერთი და იგივე წყაროდან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები