გიორგი ამილახვარი: აშშ-ის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რათა ისინი მაღალი ხარისხის განათლებას დაეუფლონ

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ტალიაშვილი ამერიკის კულტურის ატაშეს – კრისტოფერ ანდერსონს შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტზე ისაუბრეს, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ახორციელებს.

„გამოვხატეთ მადლიერება იმ დახმარებისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით უწევს. მივაწოდეთ ინფორმაცია კომიტეტში მიმდინარე პროექტების შესახებ და გამოვთქვით მზადყოფნა, რომ ნებისმიერ ამერიკულ საგანმანათლებლო პროგრამას ექნება სრული პოლიტიკური მხარდაჭერა. მიგვაჩნია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რათა ისინი დაეუფლონ მაღალი ხარისხის განათლებას“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის საელჩოსთან, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ათასწლეულის ფონდთან. მისივე თქმით, შეხვედრაზე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს.

„ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება საქართველოში განათლების სფეროს მიმართულებით 30 წელს ითვლის. ამ წლების განმავლობაში, აშშ-მა საქართველოს დასახმარებლად 6 მილიარდი დოლარი გამოყო. ვაფასებთ ამერიკელი ხალხის წვლილს ქართულ განათლებაში და გავაგრძელებთ ეფექტიან, ხშირ და მჭიდრო ურთიერთობას და თანამშრომლობას ამერიკის საელჩოსთან“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები