ეროვნულ გალერეაში გოგი ჩაგელიშვილის პერსონალური გამოფენა – „სოც-არტიდან დღემდე“ იქნება წარმოდგენილი
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, 16 ივნისიდან დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ქართველი მხატვრის, გოგი ჩაგელიშვილის პერსონალური გამოფენა „სოც-არტიდან დღემდე“ იქნება წარმოდგენილი. გალერეის 6 დარბაზში, მასშტაბურ რეტროსპექტიულ ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი იხილავს როგორც მხატვრის პირად კოლექციაში, ისე ეროვნულ გალერეაში დაცულ ნამუშევრებს.
„გოგი ჩაგელიშვილი 1944 წელს თბილისში დაიბადა. 1971 წელს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, ძირითადად მუშაობა ფერწერისა და გრაფიკის მიმართულებით გააგრძელა; ქმნის აბსტრაქციებს, კოლაჟებს, ინსტალაციებს. არის ავტორი რამდენიმე ლიტერატურული პროექტისა. XX საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე მხატვრის არაერთი პერსონალური გამოფენა მოეწყო როგორც საქართველოში, ისე ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და უცხოეთის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.
მის ნამუშევრებს თან სდევს „ხელოვნების საიდუმლოს“ ხიბლი. მხატვრის მიერ განცდილი სამყარო განზოგადებულ სახე-ხატებად არის გადმოცემული განსხვავებული დარგისა თუ ჟანრის ნამუშევრებში. გოგი ჩაგელიშვილს საკუთარი ხელწერა და მყარად დამკვიდრებული ადგილი აქვს ქართულ სახელოვნებო სივრცეში.
„ჩაკეტილი სივრცე, დროდადრო შეიღებოდა კარი, დასავლეთიდან შემოფრინდებოდა ინფორმაცია, რომელიც ჩაკეტილი სივრცის ცენტრიდან იწყებოდა და პერიფერიებამდე მიიფრენდა. კარი იკეტებოდა, გამოკეტილები თავისუფალი ქვეყნებიდან გაგონილს შემოქმედებაში იმ დოზით იყენებდნენ, სახელმწიფოს ცენზურას რომ არ გასცდენოდა. გაიხსნა რკინის ფარდა, გარეთ გავცვივდით. იქ სხვა ღირებულებები იგრძნობა, ჩამორჩენილობა… ცდილობ დაკარგული დროის დაბრუნებას. ჩაკეტილ სივრცეში გატარებული ორმოცდახუთი წელი უკან მოგდევს“ – ასე წარმოგვიდგენს მხატვარი თავის შემოქმედების მთავარი მიმართულების-ფერწერის რეტროსპექტიულ გამოფენას, რომელიც XX საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე პერიოდს მოიცავს“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გოგი ჩაგელიშვილის პერსონალური გამოფენის ნახვას დამთვალიერებელი 6 ივლისამდე შეძლებს.