დღეს საქართველოს დამსახურებულ არტისტს, პიანისტ ნანა დიმიტრიადის 90 წელი შეუსრულდებოდა
დღეს ცნობილ ქართველ პიანისტს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს, ნანა დიმიტრიადის 90 წელი შეუსრულდებოდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
ნანა დიმიტრიადი 1932 წლის 15 ივნისს ცნობილი დირიჟორის, ოდისეი დიმიტრიადისა და საოპერო მომღერლის, ნადეჟდა ხარაძის ოჯახში დაიბადა.
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დასრულების შემდეგ ნანა დიმიტრიადი კონსერვატორიაში განაგრძობს მოღვაწეობას, როგორც საფორტეპიანო კათედრის კონცერტმაისტერი. იგი იყო შესანიშნავი პედაგოგი, 1978 წლიდან დოცენტი, 2006 წლიდან პროფესორი, 2010 წლიდან კი ემერიტუსი. მისი ხელმძღვანელობით აღიზარდა პიანისტთა და კონცერტმაისტერთა მრავალი თაობა.
ნანა დიმიტრიადი საკუთარი აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე უკრავდა არაერთ დიდ მუსიკოსთან ერთად, მათ შორის არიან: ნ. ანდღულაძე, თ. გაბარაშვილი, მ. ამირანაშვილი, მ. იაშვილი, ლ. და ე. ისაკაძეები, ც. ტატიშვილი, ლ. ჭყონია, ნ. ტუღუში, ე. გეწაძე, რ. კაკაბაძე. ასევე, საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი.
პიანისტის ბოლო აუდიო ალბომის, სახელწოდებით ,,ხეივნის ბოლო და ისევ სევდა” , პრეზენტაცია 2003 წელს შედგა, მასში ძირითადად პოპულარული კინოფილმების მელოდიებზე შექმნილი იმპროვიზაციები შევიდა.