რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა, წარუმატებელი ქირურგიული ჩარევის შემდეგ, იმდენად დამძიმდა, რომ ის ამჟამად კომაში იმყოფება.
ამის შესახებ უკრაინული ინტერნეტგამოცემა Obozrevatel-ი დაზვერვისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
უკრაინის დაზვერვა კრემლში თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ პუტინის გარემოცვამ „ძალაუფლების ტრანზიტის“ მომზადება დაიწყო, რაც „ტახტის“ მემკვიდრის ძებნას ნიშნავს.
დაზვერვის მონაცემებით, პუტინი რეანიმაციაშია მოთავსებული, სადაც აპარატზეა მიერთებული. ამბობენ, რომ პუტინს ტვინის ღეროს რეფლექსების დათრგუნვის ყველა ნიშანი აქვს და მისი სხეული ტკივილზე არ რეაგირებს, ის დესტრუქციულ კომაშია.
როგორც ჩანს, პუტინის გარემოცვამ ყველაფრის გასაიდუმლოება გადაწყვიტა იქამდე, სანამ კრემლი არ გადაწყვეტს ვინ იქნება მისი შემცვლელი. მანამდე კი, საზოგადოების წინაშე მისი ორეული გამოჩნდება, რაც მედიისთვის სასურველი სურათის შექმნის შესაძლებლობა იქნება.
ასევე, მოსალოდნელია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს თხოვნით მიმართავს, გამოაცხადოს ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა, რომელსაც ასევე უნდა დაესწროს თურქეთის ლიდერი.
თუმცა, წყაროების თქმით, კრემლის გეგმის მიხედვით, ეს შეხვედრა არ შედგება, რადგან რუსეთში არ სურთ პუტინის ორეულით ჩანაცვლების ფაქტის გამჟღავნება.
შეხვედრის ჩაშლაში მოსკოვი უკრაინას დაადანაშაულებს მისი თითქოსდა არაკონსტრუქციული პოზიციის გამო და უკრაინას, აპრიორი, მიუღებელ პირობებს წაუყენებს.
Obozrevatel წერს, რომ სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია დადასტურებას საჭიროებს.