„ერთი ნახვით შეყვარება” – ეროვნული არქივის კინოთეატრში ფილმის აღდგენილ ვერსიას უჩვენებენ
18 ივნისს, 19:00 საათზე, ეროვნული არქივის კინოთეატრში რეზო ესაძის ფილმის „ერთი ნახვით შეყვარების“ აღდგენილ ვერსიას უჩვენებენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფილმი გადაღებულია 1975 წელს.
მოკლე აღწერა: ხმაურიან ქალაქურ ეზოში გაზრდილ მუსულმან მურადს თავისი უბნელი ქალიშვილი, ბელორუსი ანია შეუყვარდება. ანია მურადისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდება – მუსლიმთა წესის თანახმად, მშობლებმა მისთვის საცოლე აკვანშივე დანიშნეს. მურადის სიყვარულს ანიაც გაურბის, დედის გარდაცვალების შემდეგ ის ბელორუსიაში გადასახლდება. მურადი შეყვარებულს ვერ დაივიწყებს, ჯარიდან დაბრუნების შემდეგ სამშობლოში ჩააკითხავს, მაგრამ ანია გათხოვილი დახვდება.
მთავარ როლებში: ვახტანგ ფანჩულიძე (მურადი), ნატალია იურიზდიცკაია (ანა), რამაზ ჩხიკვაძე (მურადის მამა), კახი კავსაძე (სელიმი, მურადის ბიძა), სალომე ყანჩელი (მურადის დედა).
27 მაისიდან 19 ივნისის ჩათვლით, ეროვნული კინოცენტრი ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით წარმოაგენს რეტროსპექტივას – „60-იანი წლების ქართული კინო”.
ქართული კინოკლასიკის გამორჩეული ნამუშევრების აღდგენა ახლახან დასრულდა და მათ მაყურებელი პირველად ნახავს.
ეროვნული არქივის კინოდარბაზში კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალი იქნება.
კინომემკვიდრეობაზე ზრუნვა ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქართული ფილმების დაბრუნდების პროცესი 2016 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. ამ ეტაპზე რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდიდან“ ჩამოტანილია 51 ფილმი, აქედან აღდგენილია 38.
60-იანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივის მონაწილე ფილმები აღდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით, გიორგი კაკაბაძის ხელმძღვანელობით.