საქართველოს ეკონომიკამ გამოავლინა საოცარი გამძლეობა და სიმყარე და აჩვენა პირველ კვარტალში საკმაოდ შთამბეჭდავი ზრდა, რამაც საშუალო წლიურ მაჩვენებელში ევროკავშირსა და მთლიანად ჩვენს რეგიონში სარეკორდო 14.4 % შეადგინა, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, სწორმა და პრაგმატულმა სახელისუფლებო ეკონომიკურმა პოლიტიკამ, ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგების გაუმჯობესებასთან ერთად, უზრუნველყო ზრდის პროგნოზის შეუქცევადი ხასიათი.
„საქსტატის ცნობით, საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ საქართველოში 2022 წლის იანვარი-მაისის მონაცემებით, 6 913.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა სარეკორდო 37.0 %-ით, მათ შორის, ექსპორტი 36.2 %-ით გაიზარდა, რაც არა თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან, არამედ წინა წლების შესაბამის პერიოდებთან შედარებითაც სარეკორდოა!
ფაქტობრივად მართლდება მთავრობის პროგნოზი მიმდინარე წელსაც მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, რაც ბიუჯეტში წლიურ ასახულ 6%-იან ზრდაზე იყო გათვლილი, და უახლოვდება ჩვენს პროგნოზს ზრდის 7.5%-იან მაჩვენებელზე. ზრდის პროგნოზი წინა 5.5%-დან 8%-მდე გაზარდა თი ბი სი კაპიტალმაც.
მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს კვლავ ომამდელ ნიშნულამდე – 5.5%-მდე გაზრდის. ამის შესახებ დღეს კავკასიაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის უფროსმა სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი ცვლილება ივნისის პირველ ან მეორე კვირაში აისახება ბანკის პროგნოზებში.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არა თუ გაზარდა, არამედ პირიქით 2.5%-მდე შეამცირა.
მსოფლიო ბანკმა რამდენიმე თვის წინ საქართველოს ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 2.5%-მდე შეამცირა, ანალოგიურად აზიის განვითარების ბანკის პროგნოზისა. ამის მიზეზი კი იყო ძალიან დიდი გაურკვევლობა და ვაღიაროთ უკრაინაში მიმდინარე რეგიონალური ომის ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, ამ ომის აქ შესაძლო გადმოტანასთან დაკავშირებით!
ცალკე უნდა აღინიშნოს, ეკონომიკის ამ შემცირების პროგნოზში სანქციების მოსალოდნელი ეფექტი და ამ სანქციების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე – სხვადასხვა არხიდან, მათ შორის გადმორიცხვების წყაროდან, ასევე მაღალი ინფლაციიდან და ვაჭრობაზე მიყენებული დარტყმიდან.
თუმცა, დღეს ჩვენ ვხედავთ საპირისპირო სურათს – საქართველოს ეკონომიკამ გამოავლინა საოცარი გამძლეობა და სიმყარე და აჩვენა პირველ კვარტალში საკმაოდ შთამბეჭდავი ზრდა, რამაც საშუალო წლიურ მაჩვენებელში ევროკავშირსა და მთლიანად ჩვენს რეგიონში სარეკორდო 14.4 % შეადგინა.
შესაბამისად, მსოფლიო ბანკმა გადახედა საქართველოს ეკონომიკურ ზრდის პროგნოზს და ამჟამად საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება იმ 5.5%-ით, რაც იყო წლის დასაწყისში ნავარაუდევი.
აქვე აღვნიშნავ, რომ იგივე მსოფლიო ბანკმა და სავალუტო ფონდმაც შარშან რამდენჯერმე გადახედეს ეკონომიკური ზრდის თავდაპირველ პროგნოზებს, ხოლო ბოლო პროგნოზით ზრდა 7.5 %-ს შეადგენდა, წლიური ზრდა კი მთავრობის პროგნოზზე დაჯდა და გაცილებით მაღალ 10.6 % ნიშნულზე დაფიქსირდა.
აქედან გამომდინარე, რამდენიმე დასკვნის გაკეთებაც შესაძლებელია:
- მსოფლიო ბანკის გადასინჯული ახალი პროგნოზი კიდევ ერთხელ აყენებს თავდაყირა ქართული რადიკალური ოპოზიციის და მათი ლობისტების ძალისხმევას ქვეყანამ არ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ვითომდა „დემოკრატის გადახვევის“ გამო, და პროცესებიც რევოლუციურ ტალღაზე ომის ანუ ვარდნის ეკონომიკის ტალღაზე გადაიყვანოს.
- ომის ალტერნატივის ეკონომიკური ზრდა იქნება გაცილებით მაღალი დღევანდელ საპროგნოზე მაჩვენებელთან შედარებითაც და უკეთესი კონიუნქტურის პირობებში, არა თუ 5.5 %-ზე, არამედ გაცილებით მაღალ ორნიშნა ციფრთან -9.5 % იქნება მიახლოებული.
- ამასთან, მთლიანად გაკოტრდება ის პოლიტიკა, რაზეც დგას ოპოზიციური ნარატივი, ვითომდა საერთაშორისო სანქციებთან ქვეყნის მიზანდასახულად არ მიერთებაზე, რაც სანქციების დაშვების სცენარისას ეკონომიკის ვარდნასთან ერთად, ომის მაპროვოცირებელი ფაქტორი შეიძლება გამხდარიყო, რაც არა თუ ზრდის, არამედ რეცესიულ ანუ ვარდნის ციკლში შესვლის აუცილებელი წინაპირობა გახდებოდა.
- საერთაშორისო პროგნოზები ეყრდნობა არა მხოლოდ გასული პერიოდების სტატისტიკურ მონაცემებს, არამედ ქვეყნის მთავრობის მოკლე და საშუალოვადიან გადაწყვეტილებებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე და როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზეა საუბარი, ამ კვლევით ეს საკითხი საერთოდ არ დგება დღის წესრიგში.
სწორედ სწორმა და პრაგმატულმა სახელისუფლებო ეკონომიკურმა პოლიტიკამ, ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგების გაუმჯობესებასთან ერთად, უზრუნველყო ზრდის პროგნოზის შეუქცევადი ხასიათი!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.