პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს: თქვენ ხართ მეოთხე ხელისუფლება და გაქვთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა (ვიდეო)

   საბედნიეროდ დღეს საქართველოში მედია აბსოლუტურად თავისუფალია და არავითარ ზეწოლას არ განიცდის, მაგრამ როცა ჩვენ გვაქვს მიზეზი, კრიტიკა გამოვთქვათ მედიის მიმართ, ეს არ უნდა მოგვერიდოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა განმარტა, ყველა პროფესიის ადამიანი უშვებს შეცდომას და ამ შეცდომებზე მითითება უნდა მოხდეს.
„მაშინ, როდესაც მედია არის ობიექტური, სამართლიანი, ყველა სამართლიანი და ობიექტური კრიტიკის მისაღებად მზად ვარ. როცა არიან ტენდენციური და სუბიექტურები, მიმაჩნია, რომ ეს მიუღებელი და უსამართლოა. მინდა, რომ ხარისხობრივად მედია კიდევ უფრო განვითარდეს. თავისუფლების ხარისხი გაქვთ მაღალი, თქვენ არავითარ ზეწოლას არ განიცდით, ეს არის ახალი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი, მაგრამ საჭიროა ამ ხარისხის განვითარება იმისთვის, რომ კიდევ უფრო ობიექტურები და სამართლიანები იყოთ. მედიასაშუალებებს დიდი პასუხისმგებლობა გაკისრიათ საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ. თქვენ ხართ მეოთხე ხელისუფლება და გაქვთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, სამოქალაქო სექტორიც ხშირად სამწუხაროდ ავლენს ტენდენციურობას და მიკერძოებულობას.
მისი თქმით, აუცილებელია, მთავრობას, სამოქალაქო სექტორსა და მედიას შორის აქტიური კომუნიკაცია, რათა ხარვეზებზე დაუფარავად საუბარი მოხდეს.
„თუ გვინდა თანამედროვე და ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ, არ უნდა მოვერიდოთ ერთმანეთის კრიტიკას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა ათონელის ქუჩაზე მშენებარე რეზიდენციაში გადასვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ იქ სამუშაოდ გადასვლის სურვილი არ აქვს.
„რამდენიმე დღის წინ მივიღეთ დასტური, რომ მარგველაშვილი დარჩება ავლაბრის რეზიდენციაში. ჩვენ რამე ახალს მოვიფიქრებთ. მე პირადად არ მაქვს სურვილი, გადავიდე ათონელის ახალ რეზიდენციაში, რადგან მიმაჩნია, რომ ჯერ ქვეყანა უნდა განვითრდეს, ფეხზე დადგეს ეკონომიკა, ჩვენი ხალხი და შემდეგ ვიზრუნოთ ახალ რეზიდენციებზე“, – აღნიშნა პრემიერმა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=HiNjSvaS_dM” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები