გურამ მაჭარაშვილი: ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის აპარატი პოლიტიკურ ორგანიზაციად გადააქცია
სამწუხაროა, სახალხო დამცველმა თავისი აპარატი, ფაქტობრივად, პოლიტიკურ ორგანიზაციად გადააქცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სახალხო დამცველმა ხალხი ორად გაყო და მისთვის სახალხო დამცველი ნიშნავს რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების უფლებების დამცველს.
„სახალხო დამცველს ისტორიასთან დაკავშირებითაც სხვა შეხედულება აქვს. როგორც ჩანს, რადგან ისტორია ყველაფერს იმახსოვრებს, მაგრამ ამას შემდეგ საზოგადოება აფასებს. საზოგადოების მხრიდან კი მისი ფუნქციონირება საკმაოდ ნეგატიურად არის შეფასებული, არც მისი არჩევის დროს იყო პოზიტიური დამოკიდებულება, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ადამიანისთვის, ვისაც არასამთავრობო სექტორში ჰქონდა გამოცდილება, მიგვეცა შანსი, ეს გამოეყენებინა ხალხის უფლებების დასაცავად.
თუმცა, სამწუხაროდ, მან ხალხი გაყო ორად, მისთვის სახალხო დამცველი ნიშნავს რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების უფლებების დამცველს. დანარჩენ საზოგადოებას ხალხად არ მიიჩნევს, შესაბამისად, მათზე, მისი აზრით, ადამიანის უფლებებიც არ ვრცელდება. ეს არის მისი არასწორი პოზიცია, რომელსაც ალბათ, მალე ექნება დასასრული, რადგან მას ვადა გაუვა,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, როდესაც არ ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად.