17 ივნისს, 19:00 საათზე, ეროვნული არქივის კინოთეატრში მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის – „დიდი მწვანე ველის” აღდგენილ ვერსიას უჩვენებენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფილმი გადაღებულია 1967 წელს.
მოკლე აღწერა: მწყემსი სოსანა მთელ დღეებს ნახირში ატარებს ველზე. სოფლიდან ცოლ-შვილსაც ჩამოიყვანს. სურს შვილს მწყემსური ცხოვრება შეაყვაროს. გეოლოგები ველზე ნავთობს აღმოაჩენენ. იქ, სადაც ნახირი ძოვს, ჭაბურღილები უნდა აღიმართოს. კოლმეურნეობა მოითხოვს, სოსანამ ჯოგი ფერმას ჩააბაროს. სოსანას პირადი ცხოვრებაც აერევა, ცოლი მიატოვებს. მწყემსი ცვლილებებს ვერ ეგუება, წინაპართა წესით ცხოვრება და მათ სიახლოვეს დამარხვა სურს. აღარც ცოლ-შვილი, აღარც საქონელი… სოსანა დათოვლილ ველზე დაკარგულ ნახირს დაეძებს.
მთავარ როლებში: დოდო აბაშიძე; ლია კაპანაძე.
კინომემკვიდრეობაზე ზრუნვა ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქართული ფილმების დაბრუნების პროცესი 2016 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. ამ ეტაპზე რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდიდან“ ჩამოტანილია 51 ფილმი, აქედან აღდგენილია 38.
60-იანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივის მონაწილე ფილმები აღდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით, გიორგი კაკაბაძის ხელმძღანელობით.
კომენტარები
კომენტარი