„თბილისური გრაფიკის საუკუნე“ – კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისელი სომეხი მხატვრების გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, „იარტ გალერეაში“ გაიხსნა თბილისელი სომეხი მხატვრების გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა „თბილისური გრაფიკის საუკუნე“. გამოფენის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
„იარტ გალერეა“ თბილისელი სომეხი მხატვრების გრაფიკული ნამუშევრების გამოფენას „თბილისური გრაფიკის საუკუნე“ 11-17 ივნისს უმასპინძლებს. წარმოდგენილი იქნება ალექსანდრე პირადოვის კერძო კოლექციებში დაცული ამ დრომდე გამოუქვეყნებელი გრაფიკული ნამუშევრები, მათ შორის: ვ. პირადოვის, ე. თათევოსიანის, ა.ბაჟბეუკ-მელიკოვის, ნ. ნიკოგოსიანის, ე. კოჩარ, მ. ხუნუნცის, ლ. ბაიახჩევის, ა.დილბარიანის, გ.ხაჩატურიანის, რ. კონდახსაზოვის, გ. უზუნიანის, გ. დანელიანის, ნ. ალექსანიან-შახაზიზ, ე.ლალაევას, რ. ლორის – მელიკოვის, ს. ჩახოიანის, მ. გუჟავინის, ა. ანტანოსიანის, ი.ოგანჯანოვას, ა. ალაბულიანის, ი. ბოგდასაროვის, რ. აპრესიანის და სხვათა ნამუშევრები. გამოფენა წარმოაჩენს თბილისური ფერწერული სკოლის და სომხური დაზგური მხატვრობის ტრადიციებს საქართველოში.
ალექსანდრე პირადოვი დაიბადა თბილისში, ტრადიციულ სომხურ ოჯახში. პროფესიით ინჟინერი ყოველთვის იყო გატაცებული ხელოვნებით. მან 1980 წლიდან დაიწყო ძირითადად თბილისელი, განსაკუთრებით სომეხი მხატვრების ნამუშევრების შეგროვება. ალექსანდრე პირადოვის კოლექციაში დღეისათვის 200 – ზე მეტი ნამუშევარია, მათ შორის: გრაფიკული ნახატები და ფერწერული ტილოები მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე. ალექსანდრე პირადოვი იყო ორგანიზატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი მხატვრულ – მუსიკალური საღამოების, რომელსაც „პირადოვის საღამოები“ უწოდეს და ის ხელოვნების მოყვარულთა შორის პოპულარობით სარგებლობდა. საღამოები დიდი წარმატებით იმართებოდა თბილისში, თელავში, ერევანში, მოსკოვსა და კრაკოვში.
ალექსანდრე პირადოვის კოლექციაში დაცული ნამუშევრები წარმოაჩენენ თბილისური ფერწერული სკოლის და სომხური დაზგური მხატვრობის ტრადიციებს საქართველოში, გვაჩვენებენ თუ რა ადგილი უკავია ამ მხატვართა შემოქმედებას ჩვენი ქვეყნის კულტურაში და რა მნიშვნელობა აქვთ მათ, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისათვის.
გამოფენის გახსნაზე ასევე გაიმართა კომპოზიტორის, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორის, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარის, გოგა შავერზაშვილის ახალი მუსიკალური ნაწარმოების „თბილისური განწყობები“ პრეზენტაცია, ავტორის შესრულებით.
„თბილისელი სომეხი მხატვრების გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა ალექსანდრე პირადოვის კერძო კოლექციიდან“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის „სახვითი და ვიზუალური ხელოვნების სფეროში შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“ გამარჯვებული პროექტია.