“უნივერსიტეტის ათასობით სტუდენტი დღეს თბილისშია, შეუფერხებლად ესწრება ლექციებს და ემზადება ფინალური გამოცდების ჩასაბარებლად” – ნატა ასათიანი
უკვე მეორე თვეა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ერთი ჯგუფი, სხვადასხვა მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს. ერთ-ერთი მოთხოვნაა ფინალური გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარება. ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა 10 ივნისს, როდესაც სტუდენტების აქციის დროს უნივერსიტეტის თანამშრომლები დაშავდნენ.
სტუდენტთა პროტესტისა და უნივერსიტეტის პოზიციის შესახებ ტელეკომპანია ,,ფორმულას’’ ეთერში თსუ ადმინისტრაციის წარმომადგენელმა – ნატა ასათიანმა ისაუბრა. გამოცდების ფორმატთან დაკავშირებით რესპონდენტმა განმარტა, რომ ,,10 000-ზე მეტი სტუდენტი რეგიონიდან თბილისშია ჩამოსული, ისინი მაისის თვიდან შეუფერხებლად ესწრებიან ლექციებს და ახლა ფინალური გამოცდებისთვის ემზადებიან. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ თებერვალში აცნობა სტუდენტებს, რომ მაისის თვიდან ლექციები აუდიტორულ რეჟიმში განახლდებოდა, რათა მათ ჰქონოდათ დრო საცხოვრებლის ორგანიზებისთვის. ჩვენთვის არ არის უცხო და გაუგებარი ის მძიმე სოციალური პრობლემები, რაც რეგიონიდან თბილისში საცხოვრებლად გადმოსვლას უძღვის წინ. უნივერსიტეტმა გაითვალისწინა ეს ფაქტორები, დაიწყო რეგისტრაცია სტუდენტურ საცხოვრებლებში, მათ შორის ლისზე, სადაც ძალიან კარგი პირობებია.
“ფაქტია, რომ ათასობით სტუდენტი ჩამოვიდა და გააგრძელა სწავლა. ისმის კითხვა, სტუდენტთა მცირე ჯგუფის მოთხოვნის პარალელურად, რომლებიც ჯერ ონლაინ სწავლებას, ახლა კი ონლაინ გამოცდებს ითხოვენ – რას ვპასუხობთ უამრავ სტუდენტს, რომლებიც თბილისშია და რომელთაც აქვთ უფლება, რომ სწავლა აუდიტორიებში გააგრძელონ, გამოცდა კი სრულფასოვან და თანასწორ გარემოში – საგამოცდო ცენტრებში ჩააბარონ?
თსუ არის იმ იშვიათ უნივერსიტეტთა შორის, რომლებსაც აქვთ თავიანთი სტუდენტური საცხოვრებელი. აქ ორი საერთო საცხოვრებელია: ბაგებში და ლისზე. ბაგების საცხოვრებელი 2018 წელს გადმოეცა უნივერსიტეტს, შეფასდა მდგომარეობა და გვაქვს ოფიციალური დასკვნა, რომ ეს შენობა არ ექვემდებარება აღდგენას და გადაწყდა ახალი შენობის აშენება, რომელიც 3500 სტუდენტზე იქნება გათვლილი. ამ საკითხში სწორედ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გამოიჩინა ინიციატივა და გაკეთდა განცხადებაც, რომ ახალი შენობა უნივერსიტეტის კუთვნილ მიწაზე აშენდება და სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს. რაც შეეხება ლისის საცხოვრებელს, 2012 წელს პრემიერის ინიციატივით დასრულდა მისი მშენებლობა, იქ ძალიან კარგი საცხოვრებელი პირობებია და, მიუხედავად იმისა, რომ სამჯერ გამოვაცხადეთ მიღება, საცხოვრებელში დღემდე ათეულობით თავისუფალი ადგილია, რომლითაც საგამოცდო პერიოდში უფასოდ შეუძლიათ სტუდენტებს სარგებლობა’’ – განაცხადა ნატა ასათიანმა.