ახალი სპორტის სასახლე უკრაინელი და ქართველი არტისტების მონაწილეობით გამართული გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტით გაიხსნა

უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალი სპორტის სასახლე უკრაინელი და ქართველი არტისტების მონაწილეობით გამართული გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტით გაიხსნა. საღამოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, კონცერტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქველმოქმედო ფონდის „გადავარჩინოთ უკრაინა” ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა ქართველმა და უკრაინელმა არტისტებმა მიიღეს. კონცერტიდან შემოსული თანხა ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისა და ქალების დასახმარებელ ფონდში გადაირიცხება.
“საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობა მიიღო მარიუპოლელმა მუსიკოსმა, ჰობოისტმა მარიანა ალექსუნმა, რომელსაც უკრაინაში ომის გამო მოუწია სამშობლოს დატოვება და თბილისის სიმფონიურ ორკესტრში დასაქმდა. სწორედ აღნიშნულ ორკესტრთან ერთად, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით შეასრულა მუსიკოსმა ნაწარმოები. მსმენელის წინაშე ასევე წარდგნენ: ჯგუფი „სახე”, თიკა ბალანჩინი & NEW ONE, ანრი ჯოხაძე, ლელა წურწუმია, ნინი ბადურაშვილი, თამარ ივერი, ელისო ბოლქვაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, TWINCITY, თბილისის ბავშვთა კაპელა (სამხატვრო ხელმძღვანელი გელა ფარჩუკიძე), გორის ქალთა კამერული გუნდი, ვაჟთა გუნდი „მძლევარი”, სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი, პატარა სუხიშვილები, თბილისის მოსიარულე დრამერები. კონცერტის დასასრულს, რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულა ცნობილმა უკრაინელმა მომღერალმა ოლია პოლიაკოვამ. მომღერალმა სცენიდან მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ქართველ ხალხს უკრაინელი ბავშვებისა და ქალების განსაკუთრებული მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.
საქველმოქმედო კონცერტი ტელეკომპანია „იმედის” პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.
ახალი სპორტის სასახლე ოფიციალურად 11 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნეს. აღსანიშნავია, რომ ახალი სპორტის სასახლე საქართველოს მთავრობის და სპორტის სამინისტროს ფინანსური ხელშეწყობით აშენდა და ის 10 000 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური სივრცეა. შენობა აშენებულია თანამედროვე სტანდარტებით და აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით. აღნიშნული სასახლე უმასპინძლებს როგორც სპორტულ, ისე კულტურულ ღონისძიებებს. როგორც ცნობილია ახალ სპორტის სასახლეში მიმდინარე წლის სექტემბერში „ევრობასკეტი-2022″ ჩატარდება”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები