„გამოცდების საგამოცდო ცენტრებში ჩატარება წარმოადგენს ცოდნის შეფასების ერთ-ერთ ყველაზე სამართლიან და ობიექტურ გზას“ – გიორგი ღაღანიძე
20 ივნისიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაზაფხულის სემესტრის ფინალური გამოცდები დაიწყება. მაისის თვიდან კი სწავლა ონლაინ რეჟიმის ნაცვლად შერეულ ფორმატში განახლდა.
სასწავლო თუ საგამოცდო რეჟიმთან დაკავშირებით სტუდენტების ერთ ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს და, სხვა მოთხოვნებთან ერთად, გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩაბარებას ითხოვს. როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი უნივერსიტეტში და როგორია ფინალურ გამოცდებთან დაკავშირებით უნივერსიტეტის წარმომადგენლების პოზიცია, ამ თემებზე თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ გიორგი ღაღანიძეს ვესაუბრეთ: „პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილება სასწავლო თუ საგამოცდო პროცესის ორგანიზების შესახებ სწორად მიმაჩნია.
სრულიად ვეთანხმები აკადემიური საბჭოს განცხადებასაც რეგიონულ საგამოცდო ცენტრებთან და უფასო საერთო საცხოვრებლებთან დაკავშირებით, აღნიშნულ განცხადებაში ზუსტად არის განსაზღვრული პრიორიტეტები. პრინციპულად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გამოცდების საგამოცდო ცენტრში/აუდიტორიებში ჩატარება წარმოადგენს ცოდნის შეფასების ერთ-ერთ ყველაზე სამართლიან და ობიექტურ გზას. ჩვენ გვესმის, რომ სტუდენტების გარკვეულ ნაწილს შეიძლება ჰქონდეს თბილისში გამოცდების ჩასაბარებლად ჩამოსვლის პრობლემა, აქედან გამომდინარე, სწორი გადაწყვეტილებაა საგამოცდო ცენტრების ორგანიზება ქუთაისსა და ახალციხეში, რაც პრაქტიკულად ყველა სტუდენტს მისცემს შესაძლებლობას ჩაერთოს საგამოცდო პროცესში“. გიორგი ღაღანიძემ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო სპეციფიკისა თუ გამოწვევების შესახებაც ისაუბრა: „ჩვენი ფაკულტეტის სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ ბევრ სასწავლო კურსში ტესტური ფორმით გვაქვს გამოცდები და ამისთვის გამოიყენება ჩვენი 3 რესურსცენტრი.
გვაქვს დამატებითი შესაძლებლობებიც. ამრიგად, ჩვენთვის გამოცდების სააუდიტორიო პირობებში ჩატარება არის ყველაზე ოპტიმალური. ჩვენ ვქმნით ყველა პირობას იმისთვის, რომ შეფასება იყოს სამართლიანი და ობიექტური. ჩვენმა ფაკულტეტმა, ისევე, როგორც სხვა ფაკულტეტებმა, მაქსიმალურად შეუწყო ხელი სტუდენტებს რათა ჩართულიყვნენ სასწავლო პროცესში. ასევე იქნება ფინალური გამოცდების შემთხვევაში, დედაქალაქისა თუ რეგიონების საგამოცდო ცენტრების მეშვეობით ჩვენ ხელს შევუწყობთ სტუდენტებს, რომ დაადასტურონ თავიანთი ცოდნა, მიიღონ სამართლიანი და ობიექტური შეფასება“- განაცხადა გიორგი ღაღანიძემ.