ირაკლი კობახიძე – ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ასეთ ტექსტებს ჩვენთვის აქვს ჩალის ფასი

“მსუბუქად ნამდვილად ვერ გამოვეხმაურებით ევროპარლამენტის რეზოლუციის იმ ნაწილს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას „ჰუმანიტარული მოტივით“ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს”, –  ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“როგორც მოგეხსენებათ, დღეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს საკითხზე. კამპანიამ, რომელიც 2012 წლიდან წარმოებს კრიმინალების დასაცავად და ამ კრიმინალების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, ევროკავშირის ერთ-ერთ უმაღლეს ინსტიტუტამდე – ევროპარლამენტამდე მიაღწია, რაც ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია. უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი სენის,  „ფეიკის“ მსხვერპლი ევროკავშირის ასეთი მაღალი რანგის ინსტიტუტიც კი ხდება.

პირველ ყოვლისა, შევეხებით არაერთ შედარებით მეორეხარისხოვან ფაქტობრივ უზუსტობასა და ტყუილს, რომელიც კამპანიის მონაწილეებმა ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეაპარეს. მაგალითისათვის, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლება დღემდე უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე, როდესაც სააკაშვილი დღესაც სწორედ კერძო კლინიკაში იმყოფება. ასევე, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, როდესაც გარდაცვალების რეალური მიზეზი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. 2012 წლიდან დღემდე, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ არცერთ რეზოლუციაში და ოფიციალურ დოკუმენტში არცერთი მსგავსი ტყუილი არ გაპარულა. როდესაც კონკრეტული პირები ახერხებენ, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ესოდენ უხეში ფაქტობრივი უზუსტობები და ტყუილები შეაპარონ, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია.

ევროპარლამენტის რეზოლუცია, ძირითადად, აგებულია 5 ივლისის მოვლენების აღწერაზე. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთგზის დაგმო ძალადობა ჟურნალისტებზე, რომელიც იყო სრულიად უპრეცედენტო მოვლენა დამოუკიდებელი საქართველოს 30-წლიან ისტორიაში. 2004-12 წლებში ხელისუფლება ძალადობდა ამ ფორმით ჟურნალისტებზე, თუმცა, რიგითი მოქალაქეების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობა არც მანამდე და არც მას შემდეგ არ დაფიქსირებულა. სამწუხაროდ, რეზოლუციაში არ არის განმარტებული, რომ გამოძიება დაიწყო 12 სისხლის სამართლის საქმეზე, რის შედეგადაც 31 ადამიანი იქნა დაკავებული ან დაპატიმრებული, რაც, არ გვგონია, რეზოლუციის მხოლოდ ტექნიკური ნაკლოვანება იყოს. 5 ივლისის თემაზე რეზოლუციაში ვკითხულობთ კიდევ ერთ მცდარ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, 5 ივლისის შემდეგ საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმებმა უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია. სამწუხაროა, როდესაც ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებამდე ამგვარი ფაქტების გადამოწმება არ ხდება. მაგალითისათვის, საქართველოს პარლამენტი და მისი აპარატი სრულიად სხვა სტანდარტით მუშაობს. ნებისმიერი დოკუმენტის დამტკიცებამდე, პარლამენტის აპარატი ყველა ფაქტობრივ გარემოებას ამოწმებს და პარლამენტს თავის დასკვნას სათანადო პროფესიული პასუხისმგებლობით წარუდგენს.

მსუბუქად ნამდვილად ვერ გამოვეხმაურებით ევროპარლამენტის რეზოლუციის იმ ნაწილს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას „ჰუმანიტარული მოტივით“ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისა და ნიკა გვარამიას განთავისუფლებისკენ მოუწოდებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ამგვარ მოწოდებებს ვკითხულობთ რეზოლუციაში, რომელიც მედიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს ეხება. ღმერთმა დაიფაროს საქართველო და ევროკავშირის თითოეული ქვეყანა მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების იმ სტანდარტისგან, რომელიც 2004-12 წლებში სააკაშვილმა და გვარამიამ დაამკვიდრეს. გამაოგნებელია, როდესაც ევროპარლამენტი მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ რეზოლუციაში იმ ადამიანების განთავისუფლებისკენ მოგვიწოდებს, რომლებმაც საქართველოში მედიის თავისუფლება ფეხქვეშ გათელეს, რომლებმაც ყაჩაღურად მიიტაცეს ყველა ეროვნული მაუწყებელი და საქართველოში ნაციონალური მოძრობის სრული მედიამონოპოლია დაამყარეს, რომლებმაც ტელეკომპანია „იმედი“ დაარბიეს და შემდეგ ის მოროდიორულად კანონიერ მფლობელს წაართვეს, რომლებმაც სულ რაღაც ორიოდე წლის წინ ერთ-ერთი ტელეკომპანია 7 მილიონით გაძარცვეს. შეგახსენებთ, რომ სიცრუისა და სიძულვილის ყოველდღიური ტირაჟირებითა და მედიაში დამკვიდრებული ბილწსიტყვაობით, ეს ადამიანები დღემდე ფეხქვეშ თელავენ ყველაფერ ღირებულს, რასაც თავისუფალი მედია, როგორც საზოგადოების ინტერესების სამსახურში მყოფი დემოკრატიული ინსტიტუტი, განასახიერებს.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილის და გვარამიას განთავისუფლებისკენ მოწოდების ფონზე, ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილს ლამის ქართული დემოკრატიის მტრად აცხადებს და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს.

რამდენიმე მცირე შედარება:

–         როგორც უკვე აღვნიშნეთ, სააკაშვილისა და გვარამიას დროს მედია ყაჩაღური ფორმით სრულად იქნა მონოპოლიზებული ხელისუფლების მიერ, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ახალი ტელევიზიის დაფუძნება. 2012 წლიდან, საქართველოში ჩამოყალიბდა პლურალისტური მედიაგარემო. მოქმედებს 14 ეროვნული ტელემაუწყებელი, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი 3 ტელევიზია, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის მიერ 2004-12 წლებში ხალხისთვის წართმეული, ნაძარცვი ფულით ფინანსდება. ფუნქციონირებს ათეულობით სხვა, მათ შორის, ოპოზიციური ტელევიზია თუ უამრავი დამოუკიდებელი მედიასაშუალება. ახალი ტელევიზიის დაფუძნება, პრაქტიკულად, რამდენიმე დღეში არის შესაძლებელი. აღარავინ იჭრება ტელევიზიებში და ჟურნალისტებს აქვთ მოვლენების გაშუქების სრული თავისუფლება. ეს არის მიღწევები, რომლებიც საქართველოს და ქართულ დემოკრატიას ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ მოუტანა;

–         2012 წლამდე საქართველოს ციხეებში 25 ათასი პატიმარი იყო და წელიწადში საშუალოდ 150 პატიმარი იღუპებოდა. 2012 წლიდან, პატიმრების რაოდენობა ორნახევარჯერ, ხოლო სიკვდილიანობა 12-ჯერ შემცირდა, რაც სააკაშვილის რეჟიმის მიერ დამკვიდრებული წამების, გაუპატიურებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკის აღკვეთის შედეგია. ეს არის მიღწევები, რომლებიც საქართველოს და ქართულ დემოკრატიას ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ მოუტანა;

–         2012 წლამდე, სასამართლო სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის ერთ-ერთ უმთავრეს რეპრესიულ ინსტრუმენტად იყო ქცეული. 2012 წლიდან, სასამართლო სისტემაში პირველივე წლებში 6-ჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, 3-ჯერ შემცირდა წინასწარი და ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების, ხოლო 2-ჯერ – საგამოძიებო მოქმედებებზე ბრალდების შუამდგომლობის დაკმაყოფილების მაჩვენებელი. 5-ჯერ შემცირდა შეფარდებული ჯარიმის, ხოლო 18-ჯერ – გირაოს თანხის საერთო ოდენობა. პირველივე წლებში, 11-ჯერ შემცირდა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა. მხოლოდ ეს სტატისტიკაც საკმარისია იმის მტკიცებულებად, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში 2012 წლის შემდეგ მდგომარეობა არა მხოლოდ რადიკალურად გაუმჯობესდა, არამედ სააკაშვილისა და ადეიშვილის სასამართლოს ყველა სისტემური პრობლემა აღმოიფხვრა. ეს არის მიღწევები, რომლებიც საქართველოს და ქართულ დემოკრატიას ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ მოუტანა;

–         სააკაშვილმა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი და სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების დიდი ნაწილი რუსეთს გადასცა. საქართველოში რუსეთის ექსპანსიის პროცესი მხოლოდ 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის მიერ სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ შეჩერდა. ესეც არის ფუნდამენტური მიღწევა, რომელიც საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ მოუტანა;

–         სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ განახლდა საქართველოს ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში: ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან, მივიღეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, შეიქმნა ნატოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, განხორციელდა უამრავი რეფორმა, რომელთა წყალობითაც დღეს საქართველო წინ უსწრებს უკრაინას, მოლდოვას და ევროკავშირის წევრ თუ წევრობის კანდიდატ არაერთ ქვეყანასაც კი დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის, ევროკავშირთან ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით.

ეს არის იმ მიღწევების მხოლოდ მცირე ჩამონათვალი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება. როდესაც პოლიტიკიდან გასულ ადამიანს ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკაში ჩართულობას ყოველგვარი არგუმენტისა და მტკიცებულების გარეშე ედავება, ეს ცალკე პრობლემაა. თუმცა, თეორიულად რომც დავუშვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში, გაუგებარია, რას ედავებიან მას ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს საქართველოს კეთილმოსურნეებს უწოდებენ. ფაქტია და სინამდვილეში მათაც ძალიან კარგად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, საქართველომ 2012 წლის შემდეგ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების მიმართულებით მხოლოდ პროგრესი, თანაც ფუნდამენტური პროგრესი განიცადა.

ერთადერთი, რასაც ივანიშვილს საქართველოს „კეთილმოსურნე“ შეიძლება ედავებოდეს, ის შეიძლება იყოს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს სანქციები არ დაუწესა და ამით საკუთარი ქვეყანა და ხალხი არ დასაჯა. საქართველოს „კეთილმოსურნეებს“, ალბათ, აღიზიანებთ ის ფაქტი, რომ მთელ მსოფლიოში არსებული უმძიმესი ეკონომიკური პრობლემების ფონზე, საქართველოში შარშანაც და მიმდინარე წლის იანვარ-აპრილშიც 10 პროცენტზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.

საქართველოს „კეთილმოსურნეებს“ შეიძლება არ მოსწონთ, რომ საქართველოში კანონი კანონობს და არაჟნის კონტეინერით ქვეყანაში შემოპარული სააკაშვილიც და ტელეკომპანიის 7 მილიონით გამძარცველი გვარამიაც დღეს კუთვნილ ადგილას იმყოფებიან.

საქართველოს „კეთილმოსურნეებს“ შეიძლება არ მოსწონთ, რომ საქართველო სრულიად საბედისწერო და ფატალურ ომში არ ჩაერთო და ქვეყანა არავის გაანადგურებინა.

თუმცა, რაც არ მოსწონთ კრიმინალების მფარველებს, მოსწონს ქართველ ხალხს – ეს არის მშვიდობა, სამართლის უზენაესობა და ეკონომიკური განვითარება. ვისაც ეს არ მოსწონს, საქართველოს მეგობრად და კეთილმოსურნედ ნამდვილად ვერ იწოდება.

რეზოლუციას, რომელიც ქართული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მტრების – სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლებისკენ მოგვიწოდებს და ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან დღეს სრულად არის დისტანცირებული და რომელმაც ქართველ ხალხს 2012 წელს დემოკრატია, მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი დაუბრუნა, ქართული დემოკრატიის ლამის მთავარ პრობლემად აცხადებს და მის სანქციერებას ითხოვს , არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს.

იმედი გვაქვს, როდესაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გავხდებით ევროკავშირის წევრი, იმ დროისათვის სხვაგვარი ევროპარლამენტი  დაგვხვდება . „ფეიკის“ გავლენისგან დაცული და  ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების დამცველი ევროპარლამენტი, რომელსაც საკუთარი ობიექტური ინტერესების მიხედვით სუვერენულად მოქმედება შეეძლება.

მტკიცებით ვერაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ დღევანდელი რეზოლუცია ამყარებს ცალკეული ექსპერტების მიერ გამოთქმულ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გახმოვანებულ ვადაზე ადრე მოთხოვნის თემა საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა მოიგონეს, რათა ჩვენი ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის ხელოვნური სირთულეები შეექმნათ.

ყველას გახსოვთ ოპოზიციის მიერ შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟი ამ თემის გარშემო, როდესაც მათაც ძალიან კარგად იციან, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არც საქართველოსთვის და არც უკრაინისა და არც მოლდოვისთვის არავითარი პრაქტიკული შედეგი არა აქვს.

ამასთან, ეს აჟიოტაჟი საეჭვოდ დაემთხვა ბაკურიანის შეკრებას, სადაც ცნობილი რევოლუციების ექსპერტი, პიტერ აკერმანი ნაციონალურ მოძრაობას, მის კუთვნილ პარტიებს, ტელევიზიებსა და ენჯეოებს ხელისუფლების გადატრიალებაში ატრენინგებდა. არ გამოვრიცხავთ, კანდადატის სტატუსის გარშემო აჟიოტაჟის შექმნაც ბაკურიანის შეკრებაზე იყოს გადაწყვეტილი.

ოპოზიციის გათვლა მარტივია, რაზეც დღემდეც არაერთხელ მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია. მათი გათვლით, საქართველომ, უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რასაც უნდა მოყვეს საზოგადოების ნაწილის, განსაკუთრებით ახალგაზრდების მღელვარება და ნაციონალური მოძრაობის მიერ ხელისუფლების გადატრიალება. ამ ყველაფრის დასასრული კი საქართველოს ომში ჩართვაა, რისთვისაც ასე გულმოდგინედ იღწვიან მთელი ეს თვეები ,,ნაციონალური მოძრაობა,, და მისი მფარველები.

ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიძლება, აღქმულ იქნეს, როგორც ერთგვარი მინიშნება, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეიძლება არ მიენიჭოს.

ასე თუ მოხდება, ბუნებრივია, ეს იქნება სრულიად ალოგიკური და უსამართლო გადაწყვეტილება, რაზეც საქართველოში მშვიდობით, სამართლის უზენაესობითა და ეკონომიკური წინსვლით დაინტერესებულ ყველა ადამიანს თავისი რეაქცია ექნება.

ჩვენ არ გავუსწრებთ მოვლენებს და დაველოდებით 23-24 ივნისს, როდესაც კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული. გადაწყვეტილების შესაბამისად, საზოგადოებას მივაწვდით მეტ ინფორმაციას კანდიდატის სტატუსის გარშემო განვითარებული კულუარული მოვლენებისა და შესაბამისი პირადი საუბრების შესახებ”,- განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები