„ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი იზიარებს საერთო საუნივერსიტეტო მიდგომას გამოცდების დასწრებით რეჟიმში ჩატარებასთან დაკავშირებით, რადგან ვთვლით, რომ ეს არის ცოდნის შეფასების საუკეთესო გზა“ – ნანა გაფრინდაშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაისის თვიდან სწავლა შერეულ ფორმატში განახლდა, რაც შეეხება მიმდინარე სემესტრის გამოცდებს, ფინალური გამოცდები ყველა ფაკულტეტზე აუდიტორიებში ჩატარდება.

საგამოცდო პროცესში სტუდენტთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად თბილისის გარდა, საგამოცდო ცენტრები ამოქმედდა რეგიონებშიც, ხოლო დედაქალაქში სტუდენტური საცხოვრებლები საგამოცდო პერიოდში უფასო გახდება. ამის მიუხედავად, სტუდენტთა ერთი ჯგუფი გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარებას ითხოვს და პერიოდულად, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში საპროტესტო აქციებს მართავს.

გამოცდების სტანდარტულ, სააუდიტორიო ფორმატში ჩატარებას მხარს უჭერს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და უკლებლივ ყველა ფაკულტეტის ადმინისტრაცია, მათ შორის -ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიც, სადაც სწავლის აუდიტორიებში განახლების შემდეგ, სტუდენტთა უმრავლესობა შეუფერხებლად ესწრება ლექციებს და სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. სტუდენტთა პროტესტის, გამოცდების ფორმატისა და მიმდინარე სასწავლო სემესტრის გამოწვევების შესახებ თავისი პოზიცია გაგვიზიარა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნანა გაფრინდაშვილმა: ,,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი იზიარებს საერთო საუნივერსიტეტო მიდგომას გამოცდების დასწრებით რეჟიმში ჩატარებასთან დაკავშირებით, რადგან ვთვლით, რომ ეს არის ცოდნის შეფასების საუკეთესო გზა. ასევე, რასაკვირველია, ვიზიარებთ აკადემიური საბჭოს რეკომენდაციას, რომ საგამოცდო პერიოდში სტუდენტებს მიეცეთ საერთო საცხოვრებლით უფასოდ სარგებლობის უფლება. ტრადიციულად, აუდიტორიებში ჩატარდება საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვებიც.

ფაკულტეტი მაქსიმალურად დაეხმარება ყველა სტუდენტს, რომ არც ერთი მათგანი არ დარჩეს სასწავლო პროცესის მიღმა. ეს არის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოზიცია, ეს გახლავთ ჩვენი დამოკიდებულება და მიდგომა ამ საკითხისადმი. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს სტუდენტებს’’ – განაცხადა ნანა გაფრინდაშვილმა. ფოტო: გაზეთი ,,თბილისის უნივერსიტეტი’’.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები